NDI-ის კვლევა

NDI: COVID 19-ის ვაქცინის შემთხვევაში 46% არ აიცრებოდა, 38% - აიცრებოდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოქალაქეების 73% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვირუსის შედარებით დაბალი გავრცელება მთავრობისა და ექიმების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ეს ქართული გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა.

ამასთან, მოსახლეობის 80% კვლავ ღელავს, რომ ის ან მისი ახლობელი კორონავირუსით დაინფიცირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა, 38% კი - აიცრებოდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინაციამ 2010-დან 2015 წლამდე სიკვდილისგან დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იხსნა.

საქართველოს სასულიერო პირებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება აცრების წინააღმდეგ. მაგალითად, დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ 10 მაისს პალიტრის ეთერში თქვა, რომ "მასონებს, ბილ გეიტსს და მისნაირებს მსოფლიოს მოსახლეობის შემცირება 1 მილიარდამდე სურთ".

ხოლო ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი 17 აპრილს, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ "საუკუნეების მანძილზე მსოფლიოში გავრცელებულ სხვადასხვა ეპიდემიას ქრისტიანები ლოცვით ებრძოდნენ".

კვლევის ფარგლებში 1150 ადამიანი 26-30 ივნისს გამოიკითხა. კვლევისთვის ყველა ინტერვიუ ტელეფონით ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის გზით. კვლევა წარმოადგენს საქართველოს მთელი მოსახლეობის დამოკიდებულებას, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ის CRRC-მ ჩაატარა.

ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია.

კომენტარები