ელენ დეჯენერესი

ელენ დეჯენერესმა ბრალდებებს წერილით უპასუხა და თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა

0 კომენტარი
ელენ დეჯენერესის შოუ.

ელენ დეჯენერესმა მის მიმართ გამოთქმული ბარლდებებისა და შოუში დაწყებული გამოძიების საპასუხოდ წერილი გამოაქვეყნა.

ცნობილი ტელეწამყვანი წერილში ბოდიშს უხდის იმათ, ვინც ელენ დეჯენერესის შოუში მუშაობის დროს თავი კარგად ვერ იგრძნო და იგი პირობას დებს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

წაიკითხეთ დეჯენერესის წერილი სრულად:

"მოგესალმებით ყველას - ელენი ვარ. ჩვენი შოუს დაწყების დღეს, პირველსავე შეხვედრაზე ყველას ვუთხარი, რომ ელენ დეჯენერესის შოუ იქნება სიხარულის ადგილი - არავის მოუწევს ხმის ამაღლება და ყველას პატივისცემით მოეპყრობიან. აშკარაა, რომ რაღაც შეიცვალა და იმედგაცრუებული ვარ იმის აღმოჩენით, რომ ეს ასე არ მომხდარა. ამისთვის ბოდიშს ვიხდი. ნებისმიერმა, ვინც კი მიცნობს, იცის, რომ ყველაფერი საპირისპიროსი მჯერა და ყველაფერს საპირისპიროს ვისურვებდი ამ შოუსთვის.

უთქვენოდ წარმატებას ვერ მივაღწევდი. შოუს ჩემი სახელი ჰქვია და ყველაფერზე, რასაც ვაკეთებთ, პასუხისმგებლობას ვიღებ. Warner Bros-ის პარალელურად, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ შიდა გამოძიება და ერთად ვდგამთ ნაბიჯებს პრობლემების გამოსასწორებლად.

ჩვენ ძალიან სწრაფად გავიზარდეთ და ამიტომ მე ყველაფერს ვეღარ გავწვდი და ვენდობოდი სხვებს, რომლებსაც თავიანთი საქმე უნდა გაეკეთებინათ. აშკარაა, რომ ზოგმა არ გააკეთა. ამიერიდან ეს შეიცვლება და გარწმუნებთ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება.

ასევე გავიგე, რომ ჩემი ყოფილი და ამჟამად მოქმედი თანამშრომლები ჩემზე ლაპარაკობენ და დამახინჯებულად ყვებიან იმას, ვინ ვარ მე - ეს უნდა მორჩეს. როგორც ადამიანს, რომელიც განსჯის ობიექტად იქცა და კინაღამ ყველაფერი დაკარგა იმის გამო, ვინც იყო, ნამდვილად მესმის. მე ღრმა თანაგრძნობა გამიჩნდა იმათ მიმართ, ვისაც განსხვავებულად უყურებენ, ან უსამართლოდ ექცევიან, ან უარესი - იგნორირებას უწევენ. იმაზე ფიქრი, რომ რომელიმემ თავი ასე იგრძენით, ჩემთვის საშინელებაა.

ამას დიდი ხანი დასჭირდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩვენ გვაქვს დისკუსიები სამართლიანობის შესახებ. უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, რამდენად მოქმედებს სხვა ადამიანებზე ჩვენი სიტყვები და მოქმედებები. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი შოუს პრობლემები ჩემამდე მოვიდა. ჩემთვის და Warner Bros-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც რამე სათქმელი აქვს, ხმამაღლა ლაპარაკი შეეძლოს და ამ დროს თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს.

ვამაყობ ჩვენი ნამუშევრით და იმ ხალისით, რაც კი მსოფლიოში გაგვივრცელებია. მინდა, რომ ამ შოუს ნებისმიერ შემქმნელს უყვარდეს ამაზე მუშაობა.კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს იმას, ვისაც ამგვარი გამოცდილება არ ჰქონია. კოვიდი რომ არა, ამას პირადად ვიზამდი და ერთი სული მაქვს, სცენაზე დავბრუნდე და ყველანი გნახოთ". - წერია წერილში.

---

ელენ დეჯენერესი მისი პროდიუსერების გუნდის ათმა ყოფილმა და ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა დაადანაშაულეს"სამსახურში ტოქსიკური გარემოს შექმნაში". მათ ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

"იყავი კეთილი“ და მსგავსი სისულელეები მხოლოდ მაშინ არის აქტუალური, როდესაც კამერა ჩართულია. ვიცი, რომ ისინი ფინანსურად ეხმარებიან ადამიანებს, მაგრამ ყველაფერი ეს შოუსთვის ხდება." - უთხრა ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა Buzzfeed News-ს ელენ დეჯენერესის შოუზე საუბრისას.

ისინი ყვებიან, რომ მათგან უმეტესობა სამსახურიდან იმისთვის გააგდეს, რომ ექიმთან მისვლის ან ახლობლების პანაშვიდზე დასწრების მიზნით უქმე დღე მოითხოვეს. მათივე თქმით, ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, რომ ელენ დეჯენერესს რომ დაინახავდნენ, მას არ გამოლაპარაკებოდნენ.

შოუში რასიზმის პრობლემაზე Buzzfeed News-ს ესაუბრა შავკანიანი ქალი. მისი თქმით, ის წელიწად-ნახევარს ელენ დეჯენერესთან მუშაობდა. ქალი ამბობს, რომ მას საშუალო რგოლის პროდიუსერი მუდმივად დასცინოდა კანის ფერის გამო, ერთხელ კი სცენარისტმა უთხრა, რომ მხოლოდ თეთრკანიანების სახელებს იმახსოვრებს, რასაც ოფისში სიცილი მოჰყვა.

"როდესაც ჩემი პრობლემების შესახებ ჩემს თეთრკანიან უფროსს ვუამბე, მან თავისი შავკანიანი მეგობრის შესახებ სიტუაციისთვის შეუსაბამო ისტორიის მოყოლა დამიწყო. თავისი მეგობარი იმისთვის ახსენა, რომ ჩემთვის ეთქვა, შენი მესმისო". - ამბობს ქალი.

Buzzfeed News-თან საუბრისას ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ამბობენ, რომ პრობლემებზე საჯაროდ საუბრისას თავიანთმა თანამშრომლებმა მათ მხარი არ დაუჭირეს და განზე გადგნენ.

ბრალდებების საპასუხოდ, 27 ივლისს ელენ დეჯენერესის შოუს მშობელმა კომპანიამ - WarnerMedia-მ შოუში გამოძიება დაიწყო. სწორედ, ამის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი ტელეწამყვანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ბაქრაძემ ხალხს მოუწოდა, თავი დანა-ჩანგლით დაეცვათ" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები