ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

მინსკში პოლიციასთან შეტაკებებში დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

TUT.BY

მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, დაიღუპა ერთი ადამიანი. მას პოლიციის მანქანა დაეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ Reuter-ს ადამიანთა უფლებების ჯგუფმა, Spring 96-მა მიაწოდა.

წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია დაახლოებით 120 ადამიანი. პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

სხვადასხვა ცნობებით, მინსკის აქციაზე 5000 ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო შეკრებები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის, ბრესტში, ვიტებსკში, მოგილოვში. 

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის დედაქალაქში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 9.9% მოიპოვა. ანა კანოპაცკაია — 1.68%, ანდრეი დმიტრიევი — 1.04%, სერგეი ჩერეჩენ — 1.13%. ყველას წინააღმდეგ ხმა ამომრჩეველთა 6.02%-მა მისცა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 84,23%-მა მიიღო. 

ვითარება რადიკალურად განსხვავებულია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო ოლქებზე, რომლებშიც სვეტლანა ტიხანოვსკაია 80-90%-ით, უპირობოდ იმარჯვებს. პარალელურად, ვრცელდება არაოფიციალური, პარალელური დათვლების მონაცემები, რომლებშიც ასევე, დამაჯერებლად, ტიხანოვსკაია ლიდერობს. 

ტიხანოვსკაიას შტაბში, ასევე, აცხადებენ, რომ გარკვეულ ოლქებში მათმა კანდიდატმა ლუკაშენკოზე ექვსჯერ მეტი ხმა აიღო. ბელარუსის ოფიციალური სახელმწიფო ეგზიტპოლების მიხედვით, არჩევნების პირველივე ტურში, დამაჯერებლად, მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იმარჯვებს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით, ხმა ამომრჩევლების 80%-მა მისცა. ამავე კვლევის მიხედვით, 6.8% აიღო ლუკაშენკოს მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ. 

ხმათა 71%-ს იღებს ლუკაშენკო ბელარუსული ტელეარხის, ესტევეს მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლებში, ხოლო ტიხანოვსკაია 10%-ს. ლუკაშენკოს სასარგებლო მონაცემები გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, უწყების საიტზე გამოქვეყნებული პირველი ოქმების მიხედვით, ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი აიღო. 

მოსახლეობა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

კომენტარები