ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ტიხანოვსკაიამ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

სვეტლანა ტიხანოვსკაია
EPA

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავს გამარჯვებულად თვლის. ტიხანოვსკაიას განცხადებით, მის შტაბს აქვს ხმების დათვლის ალტერნატიული მონაცემები და მისი გუნდი აპირებს ყველა დარღვევის დამტკიცებას.

“ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს. ჩვენ ვნახეთ რეალური პროტოკოლები. მოვუწოდებთ, ყველას, ვინც თვლის რომ მისი ხმა მოიპარეს, არ გაჩუმდეს”. – თქვა ტიხანოვსკაია. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა შეხვდეს ლუკაშენკოს.

ტიხანოვსკაიას შტაბის ხელმძღვანელმა, მარია კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ შტაბში მზად არიან ხანგრძლივი პროტესტისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 9.9% მოიპოვა. 

ვითარება რადიკალურად განსხვავებულია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო ოლქებზე, რომლებშიც სვეტლანა ტიხანოვსკაია 80-90%-ით, უპირობოდ იმარჯვებს. პარალელურად, ვრცელდება არაოფიციალური, პარალელური დათვლების მონაცემები, რომლებშიც ასევე, დამაჯერებლად, ტიხანოვსკაია ლიდერობს.

მოსახლეობა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.

კომენტარები