ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

აშშ: ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი

Tut.by

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს განცხადებით ეხმაურება.

პომპეო წერს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეწუხებულია 9 აგვისტოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წარმართვით, რომელიც არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

კანდიდატების ჯენჭისყრის პროცესზე დაშვების შეზღუდვა, საარჩევნო უბნებზე ადგილობრივი დამოუკიდებელი დამკვირვებლების აკრძალვა, ოპოზიციის კანდიდატების მიმართ გამოყენებული დაშინების ტაქტიკა და მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაჭერამ გააფუჭა ეს პროცესი." – წერს პომპეო.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმაციისა და უფლებამოსილების საფუძველი.

"სამწუხაროა, რომ OSCE/ODIHR-ის დამკვირვებლებს არ მიუვიდათ დროული მიწვევა ხმის მიცემის პროცესის დასაკვირვებლად. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ნამდვილი კონკურენციით, არის ყველა ხელისუფლების უფლებამოსილებისა და ლეგიტიმაციის საფუძველი." – წერს პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი განცხადებაში გმობს მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ ძალადობასა და ოპოზიიცის მომხრეთა დაკავებებს და ბელარუსის მთავრობას მოუწოდებს, რომ პატივი სცეს თავიანთი მოქალაქეების უფლებებს.

---

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის დედაქალაქში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო. სხვადასხვა ცნობებით, მინსკის აქციაზე 5000 ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო შეკრებები გაიმართა ქვეყნის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის, ბრესტში, ვიტებსკში, მოგილოვში.

პოლიციამ აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 9.9% მოიპოვა.

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. როგორც ტიხანოვსკაია ამბობს, მის შტაბს აქვს ხმების დათვლის ალტერნატიული მონაცემები და მისი გუნდი აპირებს ყველა დარღვევის დამტკიცებას.

კომენტარები