IRI-ის კვლევა

მდინარაძე: IRI-ის კონტრაქტორები, რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ

ტაბულა

ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც IRI-ის კონტრაქტორები არიან და რომელთა ვინაობაც არ ვიცით, ყალბ მონაცემებს დებენ.

"ბოლო დროს წარმოდგენილ მსგავს კვლევებს ერთი უცნაურობა სჭირთ – პირველი, უკვე ტრადიციად იქცა, რომ, სამწუხაროდ, არ ვიცით ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც IRI-ია  მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, კვლევის შედეგები, განსაკუთრებით, "რატომღაც" მისი პოლიტიკური ნაწილი, ასევე არასწორი იქნება.

ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. თუ ეს არის, მაგალითად ipm-ი,  რომელიც გულშემატკივრობს ხოლმე, მაგალითად, "ევროპულ საქართველოს", მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები. თუმცა, ამ კვლევაშიც კი, ტენდენცია ჩანს, რომ "ქართული ოცნების" მიმართ მხარდაჭერა არის გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ტენდენცია საკმარისი არ არის. მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს რეალური მონაცემები  და რეალური განწყობები". – აღნიშნავს მდინარაძე.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% კოალიციურ მთავრობას ემხრობა. ხოლო მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოსქართულ ოცნებას მხარს 33% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 2%), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16% (მეორე არჩევანი - 4%), ევროპული საქართველო/თავისუფალი დემოკრატები - 5% (მეორე არჩევანი - 6%).

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით პირისპირ, სახლში მისვლით. კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა. 

კომენტარები