აშშ-ჩეხეთი

პომპეომ ჩეხეთში ჩინეთისგან, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ილაპარაკა

Euractiv

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ჩეხეთში ვიზიტისას ჩინეთისგან და რუსეთისან მომდინარე საფრთხეებზე ილაპარაკა.

ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას მან საუბარი დაიწყო საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდგომი პერიოდის გახსენებით:

"ეს მართლაც არაჩვეულებრივი, ამაღელვებელი დრო იყო მსოფლიოს ამ ნაწილისთვის, როცა კომუნიზმის ღრუბელი გადავიდა და თავისუფლების სხივებმა იფეთქა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა თავის თავისუფალ ძმებს და დებს შეუერთდა დასავლეთში."

თუმცა, მისი თქმით, ამ არაჩვეულებრივი დროის მიუხედავად, ბევრი იმდროინდელი გეოპოლიტიკური ვარაუდი არ განხორციელებულა. 

"ის, რისიც გვჯეროდა, უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. და ალბათ, სულ ახლა ვცნობთ ტრენდებს, რაც დიდი ხნის წინ უნდა გვეცნო".

პომპეომ დააკონკრეტა თავისი სიტყვა და თქვა, რომ ავტორიტარიზმი 1989 წელს ან 1991 წელს არ მომკვდარა - "შტორმი ისევ იქ იყო, უბრალოდ ჰორიზონტზე. როდესაც ამ ტიპის რეჟიმებს ეპიტაფია დავუწერეთ, ახლა ვიცით, რომ ეს ნაადრევი იყო."

მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ამერიკა და ჩეხები ამას ახლა უკვე აანალიზებენ - "ჩეხების გამოცდილება არის ნიშანი იმისა, თუ რის წინაშე დგანან სხვა ქვეყნები კონტინენტზე".

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ამის მაგალითად თავდაპირველად რუსეთი მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ძირს უთხრის ჩეხეთის დემოკრატიას და უსაფრთხოებას დეზინფორმაციის კამპანიებით, კიბერშეტევებით და რომ რუსეთი მათი ისტორიის გადაწერასაც ცდილობს.

შემდეგ კი პომპეომ თქვა, რომ დღეს უფრო დიდი საფრთხეა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხე თავისი იძულების და კონტროლის კამპანიებით.

"მხოლოდ თქვენს ქვეყანაში ჩვენ ვიხილეთ გავლენის კამპანიები თქვენი პოლიტიკოსებისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ. ჩვენ ვხედავთ იმ ინდუსტრიული ინფორმაციის მოპარვას, რაც თქვენ თქვენი ინოვაციებითა და კრეატიულობით შექმენით. ჩვენ ვხედავთ ეკონომიკური დონეების გამოყენებას თავისუფლების შესავიწროებლად. ეს არ არის ტანკები და იარაღები - ძალიან განსხვავდება ამისგან. ჩინეთის კომუნისტური პარტია იწყებს უდანაშაულო პარტიებთან  ანგარიშწორებას, როდესაც [მათი] გზები იკვეთება".

მაიკ პომპეომ ამის მაგალითად მოიყვანა პეკინში პრაღის ფილარმონიიის ტურის გაუქმება მას შემდეგ, რაც პრაღის მერმა ტაივანთან ურთიერთოებების გაღრმავება გადაწყვიტა. ასევე, მან აღნიშნა, რომ შანხაიმ პრაღასთან კავშირი გაწყვიტა, რადგან ქალაქმა თაიფეისთან მოკავშირე (ე.წ. და-ქალაქის) ქალაქის შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

"ჩინეთის კომუნისტური პარტია იყენებს ეკონომიკურ ძალას იმისათვის, რომ ქვეყნები არიოს", - გაიხსენა პომპეომ, როდესაც ჩინეთის საელჩომ ჩეხეთის სენატის ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ტაივანში ვიზიტს გეგმავდა, წერილი გაუგზავნა, სადაც ემუქრებოდა,  ჩინეთში ეკონომიკური ინტერესის მქონე ჩეხურ კომპანიებს ფასის გადახდა მოუწევთო.

"ეს ჩვენს ღირებულებებთან შეუთავსებელია. ჩინეთის კომუნისტური პარტია ტყუის და აქრობს მათ, ვინც სიმართლეს ამბობს." პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ ვუხანიდან გავრცელებულმა კორონავირუსმა ასეთი დიდი ზიანი იმიტომ გამოიწვია, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ინფორმაცია დამალა. 

საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გაიხსენა  თავისუფლების ჩახშობა ჰონგ-კონგში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის გაბატონების მცდელობა, სინძიანგში უიღურების სპეციალურ ბანაკებში გაშვება:

"ეს საუკუნის ლაქაა ადამიანის უფლებების დაცვისათვის, რომელსაც ზურგს უმაგრებს ხუავეის მსგავსი კომპანიები, ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაზეც საიდუმლო პოლიცია მხოლოდ თუ იოცნებებდა. ახლა, შესაძლოა, მარტივია ჩინეთის გამოწვევის უარყოფა, როგორც უბრალო გამაღიზიანებლისა, მაგრამ, იმედი მაქვს, იცით, რომ ასე არ არის. რეჟიმს საბჭოთა კავშირზე არანაკლები მარქსისტულ-ლენინური საფუძველი აქვს და, სავარაუდოდ, უფრო მეტიც. პარტია თავს ყოველთვის პირველ ადგილას აყენებს. მისი მოქმედებები მისი იდეოლოგიიდან მომდინარეობს. და ის პარანოიდულია".

პომპეომ თქვა, რომ, ის, რაც ახლა ხდება არ არის ცივი ომი 2.0,  ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხე გარკვეულწილად უფრო რთულია, რადგან ის უკვე შესულია მათ ეკონომიკაში, პოლიტიკასა და საზოგადოებაში იმგვარად, როგორც საბჭოთა კავშირი არასოდეს ყოფილა. პომპეომ თქვა, რომ ახლო მომავალში პეკინი ამ კურსის შეცვლას არ აპირებს:

"არავინ ფიქრობდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა... ამჯერადაც, თავისუფლება გაიმარჯვებს".

პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის მსოფლიო გაბატონება არ არის თავიდან აურიდებელი - "ჩვენ ვართ ჩვენი ბედის შემოქმედნი. თავისუფალი საზოგადოებები ყოველთვის უფრო მომხიბვლელი იყო. თქვენმა ხალხმა ეს იცის. ჩვენმა ხალხმაც იცის. და საუკეთესო ახალი ამბავი ამ ყველაფრიდან ესაა: მსოფლიოში თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს გადაწყვეტილი აქვთ, დაიცვან თავიანთი ცხოვრების წესი და მათი რიცხვი იზრდება. მე ამას ვხედავ ყველგან, სადაც კი მივდივარ".

მან თქვა, რომ აშშ-ში ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფრთხეს აანალიზებენ, ვაშინგტონში ამაზე ორპარტიული კონსენსუსი არსებობს და სიტუაცია ამ თვალსაზრისით ევროპაშიც იცვლება:

"დასავლეთი იგებს. არავის მისცეთ უფლება, რომ ილაპარაკონ დასავლეთის დასუსტების შესახებ. ეს ტყუილია. ეს მათი ნარატივია".

პომპეოს თქმით, მათი ვალია უშიშრად  ნათლად და პირდაპირ ელაპარაკონ ხალხს და უნდა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევასთან დაკავშირებულ რთულ ამოცანებს.

"ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, თუ რა ფასს გადაიხდიან თავისუფალი საზოგადოებები, თუკი არ დავუპირისპირდით ამ საფრთხეს... ჩვენმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ ყველა გააღვიძონ", - დასძინა პომპეომ.

კომენტარები