ნორვეგია - რუსეთი

ნორვეგიაში ნორვეგიის მოქალაქე რუსეთის ჯაშუშობისთვის დააპატიმრეს

Reuters

ნორვეგიის სადაზვერვო სამსახურებს ინფორმაციით, დაკავებულია ნორვეგიის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ის ოსლოში, რესტორანში შეხვდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელს და გადასცა ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა ნორვეგიის "ფუნდამენტური ინტერესები დააზარალოს".

სამართალდამცველებს დაკავებულის ვინაობა არ გაუსაჯაროებიათ. თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორ ლინე ნივოლ ნიგაარდის ცნობით, დაკავებულის სამსახურიდან გამომდინარე, მას წვდომა ჰქონდა ინფორმაციაზე, რომელიც შესაძლოა საინტერესო ყოფილიყო რუსეთისთვის.

ჯაშუშობაში ბრალდებული ნორვეგიაში დაფუძნებული კომპანია DNV GL-სთვის მუშაობდა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტექნიკური კონსულტანტია განახლებადი ენერგიის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში. ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, საქმე დაკავშირებულია ინდუსტრიულ ჯაშუშობასთან.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ეჭვმიტანილი ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები