არჩევნები 2020

კობახიძე: განიხილება IRI-ს და NDI-ს და ევროპარლამენტის დამკვირვებლების არჩამოსვლის საკითხი

პარლამენტი

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, შესაძლოა, NDI-ს, IRI-ს და ევროკავშირის დამკვირვებლები არ ჩამოვიდნენ. მისი თქმით, მათ მსგავსი გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მიმართაც მიიღეს და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. 

"დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში ეუთოდან, ოდირიდან და სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან. ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების საკმაოდ მასშტაბური ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება დამკვირვებლების არჩამოსვლის საკითხი. ეს არის IRI და NDI, ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს ზოგადად, არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში"- ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, ამ ორგანიზაციების არჩამოსვლა ქართული ოცნების წევრების მხრიდან მათ კრიტიკას არ უკავშირდება. კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი არ აკრიტიკებს ამ ორგანიზაციებს.

"არის მხოლოდ ერთი გამონაკლისი, სადაც ჩვენ ვაკრიტიკებთ მათ მიერ დაქირავებულ იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან არიან დაკავშირებულები. შესაბამისად ჩვენი მხრიდან NDI-ს და IRI-ს კრიტიკას თქვენ ვერ მოისმენთ".- ამბობს კობახიძე. 

აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც(IRI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, მომდევნო კვირას რომ არჩევნები იყოს, ქართულ ოცნებას მხარს 33% დაუჭერდა (მეორე არჩევანი - 2%), ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16% (მეორე არჩევანი - 4%), ევროპულ საქართველოს/თავისუფალ დემოკრატებს - 5% (მეორე არჩევანი - 6%). 

რაც შეეხება Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებს, კითხვაზე "საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას" გამოკითხულთა 39% პასუხობს, რომ ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, 5% - ევროპულ საქართველოს. 

კომენტარები