შარლი ებდო

პარიზში შარლი ებდოზე თავდასხმაში მონაწილობაში ბრალდებული 14 პირის სასამართლო იწყება

EPA

საფრანგეთში გამოცემა შარლი ებდოზე თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით 14 პირის სასამართლო პროცესი დაიწყება. მათგან 11 სასამართლოს დაესწრება, სამს კი დაუსწრებლად გაასამართლებენ.

14 პირს ბრალად ედება ისლამისტი თავდამსხმელების დახმარება, რომლებმაც 2015 წლის იანვარში სატირული გამოცემის ოფისში 12 ადამიანი მოკლეს. გამოცემაზე თავდასხმა ორმა პირმა მოაწყო. ისინი პოლიციელებმა მოკლეს. კიდევ ერთმა თავდამსხმელმა ამავე პერიოდში თავდასხმა მოაწყო ებრაულ მაღაზიაზეც და მოკლა პოლიციელი. 3 დღის განმავლობაში მათ სულ 17 პირი მოკლეს. 2015 წლის იანვრის შემდეგ საფრანგეთში რამდენიმე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. დაიღუპა 250-ზე მეტი ადამიანი.

ტერორისტების დახმარებაში და თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, კორონავირუსის გამო 4 თვით გადაიდო.

3 პირი, რომელთაც დაუსწრებლად ასამართლებენ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში გაუჩინარდნენ და მიიჩნევა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩატარებული კამპანიის დროს, დაბომბვისას მოკლეს. თუმცა, მათი სიკვდილის ფაქტი დადასტურებული არ არის.

დანარჩენი 11 ბრალდებულიდან უმეტესობა ბრალს არ აღიარებს. მათი ნაწილი ამბობს, რომ იცოდნენ, დანაშაულის ჩადენა იგეგმებოდა, თუმცა მასობრივი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. სასამართლო პროცესი ნოემბრამდე გაგრძელდება.

შარლი ებდოზე თავდასხმა სატირულ ჟურნალში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურების გამო მოაწყვეს. ამის გამო გამოცემაში მუქარის წერილები მიიღეს. სასამართლოს დაწყებამდე ჟურნალმა კარიკატურები ხელახლა დაბეჭდა.

"ჩვენ არასოდეს დავმორჩილდებით, ჩვენ არასოდეს დავნებდებით". – წერს სარედაქციო წერილში ჟურნალის ხელმძღვანელი, კარიკატურისტი Riss-ი, რომელიც თავდასხმისას დაიჭრა, .

ჟურნალის ახალი ნომრის ყდაზე დანიური ყოველდღიური გაზეთის, Jyllands-Posten-ის მიერ 2005 წელს გამოქვეყნებული კარიკატურაა, რომელიც შარლი ებდომ 2006 წელს გადაბეჭდა. ყდაზე დაბეჭდილი მთავარი კარიკატურა არტისტ Cabu-ს ეკუთვნის, რომელიც თავდასხმისას მოკლეს. ჟურნალის მთავარ გვერდზე ვკითხულობთ: "ყველაფერი ეს მხოლოდ ამის გამო".

კომენტარები