ნავალნის მოწამვლა

გერმანიის მთავრობა: ნავალნი "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნერვული აგენტით მოწამლეს

NYT

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. 

მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიის ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი.

ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა.

გერმანიის მთავრობა უმკაცრესად გმობს ნავალნიზე თავდასხმას და რუსეთს მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ ახსნას ეს.

"შემაშფოთებელია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთში ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი იყო," - ამბობენ გერმანიის მთავრობაში. 

გერმანიის მთავრობის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანცლერი ანგელა მერკელი შეხვდა მაღალი რანგის მინისტრებს, რათა შემდეგი ნაბიჯები განიხილოს. 

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ამ მიგნებებს ევროკავშირსა და ნატო-ს შეატყობინებს.

"[ფედერალური მთავრობა] განიხილავს შესაბამის საერთო საპასუხო [ნაბიჯებს] პარტნიორებთან, რუსული პასუხის გათვალისწინებით".

რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ კრემლს გერმანიიდან არ მიუღია ინფორმაცია, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტითაა მოწამლული. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსული ნერვული აგენტით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მკვლელობის ამ მცდელობას ორივე გადაურჩა.

სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმეში ეჭვმიტანილები რუსეთის მოქალაქეები არიან. მეტიც, Bellingcat-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი GRU-ს აგენტები იყვნენ. მათ ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელით მოქმედი აგენტები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა ამოიცნეს, შემდეგ კი დაადგინეს, რომ ოპერაციაში GRU-ს მესამე აგენტიც მონაწილეობდა. ის ბრიტანეთში სერგეი ვიაჩესლავოვიჩ ფედოტოვის პასპორტით ჩავიდა, თუმცა სინამდვილეში დენის ვიაჩესლავოვიჩ სერგეევია, GRU-ს მაღალი რანგის ოფიცერი, რომელმაც რუსეთის სამხედრო დიპლომატიური აკადემია დაამთავრა. ფედოტოვი ფიგურირებს ბულგარეთში, სოფიაში, 2015 წლის 28 აპრილსა და 4 მაისს შორის პერიოდში იარაღის საწარმოს მფლობელის, ემილიან გებრევისა და ბულგარეთის კიდევ ორი მოქალაქის მკვლელობის მცდელობის საქმეში. მკვლელობა მათ სცადეს დაუდგენელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით, რის შედეგადაც 3 პირი შეუძლოდ გახდა, თუმცა გადარჩა. ბულგარეთის პროკურატურამ, ფედოტოვის გარდა, საქმეზე ბრალი რუსეთის კიდევ 2 მოქალაქეს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები