არჩევნები 2020

მედია: ბჟანიას თქმით, პატრიოტთა ალიანსი მას აფხაზეთის აღიარებას დაპირდა

ირმა ინაშვილი

ადგილობრივი მედიის, Apsny PUBLIC-ის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ დე-ფაქტო სახალხო კრებაზე მარიონეტ დეპუტატებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერები რეგიონში ვიზიტის დროს მათ სამომავლოდ ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლად ცნობას დაჰპირდნენ. 

გამოცემის ინფორმაციით, თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მათსა და პატრიოტთა ალიანსს შორის მოლაპარაკებები მოსკოვში დაიწყო, მომლაპარაკებლად კი ლაშა საკანია შეირჩა. 

Apsny PUBLIC-ის ცნობით, ბჟანიამ ისიც თქვა, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებთან შეხვედრით შეცდომა დაუშვა. 

პრორუსული პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი, რომელიც დავით თარხან-მოურავთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ ჩავიდა, გავრცელებულ ცნობას "ინტეპრეტირებული დეზინფორმაცია" უწოდა. 

"აფხაზეთშიც არიან ბოკერიები და სააკაშვილები, რომლებსაც შერიგება არ უნდათ". – თქვა ირმა ინაშვილმა. 

პრორუსულმა პარტიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტის გარდა, გასულ თვეში თავი კიდევ რამდენიმე რამით გამოიჩინა. 24 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, კრემლი პატრიოტთა ალიანსს წინასაარჩევნოდ პირდაპირ ეხმარება. 

ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პარტიას საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე ადამიანი ეხმარება, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნები აკონტროლებენ. 

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები.

ცენტრის გამოძიებიდან რამდენიმე დღეში, 30 აგვისტოს პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში, თურქეთის საზღვართან პროვოკაციული და პრორუსული შინაარსის მატარებელი ბანერი დაკიდა. კერძოდ, ბანერზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად, წითელი ფერით იყო გამოყოფილი აჭარის რეგიონი, ქვემოდან კი თურქეთიდან მიმართული ისრები ჰქონდა დახატული. ბანერზე ეწერა – "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო".

ბათუმის მერიამ იმავე დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმში პატრიოტთა ალიანსის ორი ბანერი ჩამოხსნეს და უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი.
 
1-ელ სექტემბერს გამოქვეყნდა დოსიეს გამოძიების მეორე ნაწილი, სადაც ლაპარაკია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგმვაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული. ირკვევა, რომ სწორედ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იქნა შეთანხმებული გზავნილები, რომლებითაც "პატრიოტებს" აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებული "თავდასხმები" უნდა მოეგერიებინათ. 
 

კომენტარები