აშშ-ვენესუელა

აშშ-მ ვენესუელაში ოთხ პირს საარჩევნო პროცესში ჩარევისთვის სანქციები დაუწესა

Reuters

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ პირს ვენესუელის საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრისთვის სანქციები დაუწესა. მათ ადანაშაულებენ ნიკოლას მადუროს მთავრობის დახმარებაში, იმისათვის, რომ დეკემბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ გაიმართოს. 

"მათი ქმედებები არის ნაწილი არჩევნებში ჩარევის ფართო სქემისა, იმისათვის, რომ 2020 წლის დეკემბერში თავიდან აირიდონ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები". - ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

ორი მათგანი, ინდირა ალფონსო და ხოსე გიტერესი, ამ წლის დასაწყისში მთავრობის მომხრე უზენაესმა სასამართლომ ეროვნული საარჩევნო საბჭოს ზედამხედველებად დანიშნა. არჩევნები დეკემბერშია დანიშნული.

გარდამავალმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ, თქვა, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.

"მადურის კორუმპირებული მთავრობა ცდილობს, გაყალბებული არჩევნებით კონტროლი დაამყაროს ეროვნულ ასამბლეაზე". - წერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი.

სანქცირებულებს შორის არიან ვენესუელის მთავარი პროკურორის მოადგილე და ყოფილი გუბერნატორი დევიდ დე ლიმა. სახაზინოს დეპარტამენტის განცხადებით ის ხელმძღვანელობდა ხმების ყიდვის ოპერაციებს. 

"არასამართლიანი და არათავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ვენესუელის კრიზისს მხოლოდ გააღრმავებს. ყველამ, ვინც ვენესუელელი ხალხისთის დემოკრატიული მომავლის წართმევას ესწრაფვის, უნდა გაითვალისწინოს - აშშ მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს ავტორიტარიზმს". - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო.

ვენსუელაში მადუროს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ს ნაბიჯი ვენესუელის მომავალ არჩევნებში ჩარევის მცდელობაა. 

ვენესუელაში ხუან გუაიდომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვა, რომ შედეგები გაყალბებული იყო და ხელახალი არჩევნების დანიშვნამდე გარდამავალი პრეზიდენტის პოსტი მას, როგორც ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, უნდა დაეკავებინა. 

50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა, ის ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

მადუროს რეჟიმის მმართველობისას შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისისა და ინფლაციის გამო ქვეყანა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მათმა დიდმა ნაწილმა თავი კოლუმბიას შეაფარა.

კომენტარები