ევროკავშირი - ბელარუსი

Reuters: ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლების 31 წევრს სანქციებს უწესებს

bundeskanzlerin.de

ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებს 31 წევრს, მათ შორის, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. სანქციების ფარგლებში გაიყინება ბელარუსის ხელისუფლების მაღალჩინოსნების საბანკო ანგარიშები და მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.

თითქმის ერთი თვე გავიდა ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო დემონსტრაციების დაწყებიდან. ევროკავშირის მიზანია, დასაჯოს ბელარუსის მთავრობის წევრები, რომლებიც დემონსტრაციების ძალადობრივ დაშლაზე არიან პასუხისმგებლები.

"თავიდან 14 პირზე შევჯერდით, თუმცა ბევრი სახელმწიფო თვლიდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. ახლა კონსენსუსს კიდევ დამატებით 17 პირზე მივაღწიეთ. ესენი არიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხს აგებდნენ არჩევნებსა და დემონსტრაციების ძალადობრივ დაშლაზე." – ამბობს ევროკავშირის ერთერთი დიპლომატი.

სრული სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც სანქციები გავრცელდება ჯერ ცნობილი არ არის. სიაში მოხვდნენ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრი, იური კარაევი და მისი მოადგილე, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი და უშიშროებისა და იუსტიციის სტრუქტურების მაღალჩინოსნები.

სანქციები ჯერჯერობით არ ვრცელდება პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოზე. გერმანიას, რომელიც ამჟამად ევროკავშირის პრეზიდენტია, უფრო მეტი დრო სურს დიალოგისთვის და მომავლისთვის იტოვებს ლუკაშენკოზე სანქციებს დადების შესაძლებლობას.

სია იმ ადამიანებისა, რომლებზეც სანქციები გავრცელდება შეიძლება, გაიზარდოს ან შემცირდეს. ფორმალური შეთანხმება 21 სექტემბერს შედგება, როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შემდეგ დაგეგმილ შეხვედრას გამართავენ. სანქციები ძალაში 22 სექტემბერს შევა.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

კომენტარები