კორონავირუსი საქართველოში

87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში დადასტურდა, აქედან 15-ის ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში დადასტურდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ახალი შემთხვევებიდან 15 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.

"გამოიკვეთა ახალი ლოკაციები, ეს არის სადისტიბუციო კომპანია, ეს არის თეგეტა მოტორსი, კლინიკა და ასე შემდეგ" - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი რუსუდან შავიშვილი.

4 ინფიცირებული პაციენტი ხოფის სავაჭრო ცენტრს უკავშირდება, 2 - ნოვას, 2 ელიტ ელექტრონიქსს, 1 კი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.

"14 ახალი არეალი გამოჩნდა, სადაც არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ ამან გვიჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი, იმიტომ, რომ ეს ერთეული შემთხვევები ფიქსირდება სხვადასხვა დაწესებულებაში" - თქვა შავიშვილმა.

აჭარის საავადმყოფოებში მკურნალობს სულ 146 ინფიცირებული პაციენტი, ხოლო 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ. პოლიკლინიკებში აღებულია 604 ახალი ნიმუში, კარვებში კი, 1561 ნიმუში.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 917 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 354 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები