ირაკლი კობახიძე

კობახიძე ომბუდსმენზე: არსებითად იგივეა, რაც NGO. ამ ინსტიტუტის უკან სამარცხვინო რამე დგას

ირაკლი კობახიძე / ნინო ლომჯარია

"მანდატით სხვაა, მაგრამ არსებითად იგივეა, რაც ენჯეო" - თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში სახალხო დამცველზე საუბრისას.

კობახიძეს კომენტარი სთხოვეს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის გამოხმაურებაზე, რომელიც ობუდსმენის განცხადებას მოჰყვა. ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნოდ დაფიქსირდა დაშინების და ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები ოპონენტების წინააღმდეგ, რაზეც აშშ-ს ელჩმა შეშფოთება გამოხატა.

ირაკლი კობახიძე კი სახალხო დამცველს იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის მომჩივნების ვინაობას არ ასახელებს.

"შეიძლება, გესმოდეს ამდენი წელი, 2020, 2018, 2016 და ა.შ. და ერთი ადამიანი არ გამოდიოდეს? ერთი ფაქტი რატომ ვერ დაასახელა ვერავინ". - ამბობს კობახიძე.

მან ომბუდსმენს უპასუხისმგებლო და სამარცხვინო უწოდა.

"სამარცხვინო ფაქტია, როდესაც გამოდიხარ და უპასუხისმგებლოდ აკეთებ ასეთ განცხადებას, როდესაც ერთი სახელის და გვარის დასახელება არ შეგიძლია და როცა ეს წლები გრძელდება. ეს სამარცხვინოა. სახალხო დამცველი არის ინსტიტუტი და ელჩი ამ შემთხვევაში პატივს სცემს ინსტიტუტს, მაგრამ ამ ინსტიტუტის უკან რომ იგივე სამარცხვინო რამე დგას, ამას ხომ ვერ გაუწევს ანგარიშს". - ამბობს კობახიძე.

24 სექტემბერს სახალხო დამცველმა თქვა, რომ დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების, ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის შემთხვევები.

"სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების და შანტაჟის თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება". - თქვა მან.

კომენტარები