არჩევნები 2020

დაპირისპირება ბოლნისში - ენმ და ქართული ოცნება თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

ენმ და ქართული ოცნება თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ. მისი შეფასებით, ეს არის შიშის დანერგვის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან.

"ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ მყოფი 50-კაციანი ბანდა, პრაქტიკულად თავს დაესხა სოფელს და ფიზიკურად გაუსწორდა სოფლის მოსახლეობას. აგრეთვე, უმისამართოდ ისროდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან, ეს სროლა ჰაერში ხორციელდებოდა, სავარაუდოდ, შიშის დანერგვის მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული არავინ არ არის. ქართულ ოცნებას არა მარტო ამ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში აქვს არჩევნები წაგებული და ამიტომ აკეთებს ასეთ რაღაცებს“, - ამბობს ოქრიაშვილი. 

ქართული ოცნების ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით კი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ქართული ოცნების 10-მდე აქტივისტია დაშავებული, მათ შორის 2-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი მტკიცებით, თავდასხმის ინციატორი ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი, არიფ იუსუფოვია.

"ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც დღეს აგიტაციით იყვნენ დაკავებული, თავს დაესხნენ ჩაიხანაში, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა შემდეგ ზონის უფროსისა და ჩვენი სხვა აქტივისტების ჩართულობით, მოხდა სიტუაციის განმუხტვა. როდესაც ჩვენი აქტივი საკუთარ შტაბთან მივიდა, მანდ მოხდა უკვე ხელკეტებითა და ქვებით მათზე თავდასხმა. ამ თავდასხმის ინიციატორი და მთავარი მოქმედი პირი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი, ცნობილი ექსტრემისტი, იუსუფოვი, რომელმაც პირადად ხელკეტით თავი გაუტეხა ერთ-ერთ ჩვენს აქტივისტს, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არის მარნეულის საავადმყოფოში" - უთხრა მეშველიანმა ინტერპრესნიუსს.

კომენტარები