რუსეთი

პუტინი: ჩვენი მეზობლების და ზოგადად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არასდროს ვერევით

ვლადიმირ პუტინი
Washington Post

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან, სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა, თუმცა მხარს უჭერს სიტუაციის დასტაბილურებისკენ მიმართულ ქმედებებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს. ჟეენბეკოვმა პუტინს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყანაში სხვადასხვა ძალები ამოქმედდნენ, რომლებსაც სიტუაციის დესტაბილიზაცია და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება სურთ.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ არასდროს ვერევით მეზობელი ქვეყნების შიდა საქმეებში და საერთოდ, სხვა ქვეყნების საქმეებშიც, მაგრამ ყოველთვის ვუჭერთ მხარს მცდელობებს, რომლებიც მიმართულია სიტუაციის დასტაბილურებისკენ, დიალოგს ყველა პოლიტიკურ ძალას შორის. ყოველთვის ვუჭერთ მხარს მოქმედ ხელისუფლებას მის მცდელობაში, დაასტაბილუროს სიტუაცია". – უთხრა პუტინმა ჟეენბეკოვს.

ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული. პუტინი ასევე ესაუბრა მოლდოვის პრეზიდენტს, იგორ დოდონს. მოლდოვაში ერთ თვეში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პუტინმა დოდონს უთხრა, რომ მართალია უკანასკნელ წლებში რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობა მარტივი არ იყო, თუმცა მისი თხოვნით ქვეყანას ნახევარი მილიარდი რუბლი გამოუყო ჰუმანიტარული დახმარების სახით.

კომენტარები