თურქეთი უარყოფს, რომ სომხეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო

თურქეთი უარყოფს სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თურქეთის F-16-მა სომხეთის SU-25 ჩამოაგდო. 

"მტკიცება, რომ თურქეთმა ჩამოაგდო სომხური საბრძოლო თვითმფრინავი, სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება". – განცხადებაში აღნიშნა თურქეთის სამთავრობო კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ფაჰრეთინ ალთუნმა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია DW ავრცელებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. თავდასხმაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 29 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქ ვარდენისს, რის შედეგადაც სულ მცირე 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით უპილოტო დრონით ცეცხლი გაუსხნეს სამოქალაქო ავტობუსს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვარდენისიდან სომხეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო აზერბაიჯანის დაშქესანის მიმართულებით, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეიზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები