სომხეთის მინისტრი: სააკაშვილს ერევნის უნივერსიტეტის დოქტორობა უნდა ჩამოერთვას

არაიკ არუთინიანი

სომხეთის განათლების მინისტრი, არაიკ არუთინიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევას ითხოვს.

ამის შესახებ არუთინიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა.

"სააკაშვილს უნდა ჩამოერთვას ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მივმართო მოთხოვნით, ჩამოართვას საპატიო დოქტორის წოდება სააკაშვილს". – წერს ის.

არაიკ არუთინიანმა მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სტატუსის საპასუხოდ გააჟღერა, სადაც ის წერს, რომ მისი პოზიცია სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს ეფუძნება და მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.

"ჩემი პოზიცია სრულიად ცხადია და ის სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს ეფუძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს და ამას ვერაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, ყველას, ვინც გამოგდებულია ამ ტერიტორიიდან, სახლში დაბრუნების უფლება აქვს და ვინც უკვე ცხოვრობს იქ, მათ აქვთ უფლება, რომ სიმშვიდეში იცხოვრონ და მათი უფლებები დაცული იყო". - დაწერა სააკაშვილმა.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე. 

კომენტარები