არჩევნები 2020

ISFED: სახელმწიფო უწყებების Facebook გვერდებზე "ოცნების" სასარგებლო ირიბი აგიტაცია შეიმჩნევა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა:

  • ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი
  • ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი
  • ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი
  • ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი;
  • ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი
  • მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი

ორგანიზაციის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში Facebook- ზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გააქტიურება შეიმჩნევა. მათი ნაწილი საარჩევნო კამპანიისთვის იყენებს სოციალური მედიის სხვა პლატფორმებსაც, როგორებიცაა Instagram, Telegram, Viber და TikTok. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ Facebook გვერდებზე მმართველი პარტიის სასარგებლო ირიბი აგიტაცია შეიმჩნევა. კონკრეტულად, საჯარო უწყებების 18-მა გვერდმა გააზიარა პოსტი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც StopCov ფონდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებმა 133 გამოქვეყნებულ პოსტში გამოიყენეს ჰეშთეგი – #გაიგერაკეთდება, რაც ეხმიანება ქართული ოცნების მხარდამჭერ Facebook გვერდს "რა კეთდება", რომელზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილიც დასპონსორებულია, თანხის გადამხდელად კი ქართული ოცნება არის მითითებული. 

ორგანიზაციამ Facebook-ზე ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი 69 გვერდი გამოავლინა, რომელთა მიზანია ამომრჩევლებში კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება ანდა გაღვივება.  დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ. საერთო ჯამში, ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია (რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარების ჯამი) უფრო მაღალია.

ორგანიზაციის ცნობით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ორგანიზებულობისა და კოორდინირებულობის ნიშნები მჟღავნდება. მათი ძირითადი სამიზნე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა. ამასთან, ისინი ეწევიან ევროპული საქართველოსა და სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას, გარდა პატრიოტთა ალიანსისა.

ქართული ოცნების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე ორგანიზებული და კოორდინირებული კამპანია ნაკლებად შეინიშნება. მსგავს გვერდებზე დისკრედიტაციის კამპანია უმეტესად ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რისთვისაც დაბალი ხარისხის ფოტომონტაჟები გამოიყენება. 

ანონიმური დისკრედიტაციის გვერდების გარდა, დისკრედიტაციას ეწევა ბაკურ სვანიძის მიერ მართული Facebook გვერდების ქსელიც, რომელიც ღიად გამოხატავს პატრიოტთა ალიანსის მხარდაჭერას.

ISFED-ის ცნობით, რიგ შემთხვევებში, დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სექსისტური და ჰომოფობიური გზავნილებიც. სამიზნე ქალი პოლიტიკოსები ხშირად იყვნენ გენდერული ნიშნით თავდასხმის ობიექტები. ამ მხრივ, ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად, თავდასხმის ობიექტები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

ISFED-მა გამოავლინა 10 ცრუ მედიაგვერდი, რომლებიც პროსახელისუფლებო და ოპოზიციის საწინააღმდეგო გზავნილებს ავრცელებენ. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ცრუ მედიაგვერდები საკუთარ პოსტებს ინტენსიურად ასპონსორებენ, თუმცა პოლიტიკური რეკლამის ხარჯების სათანადო დეკლარირებას არ ახდენენ და Facebook-ის რეგულაციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ.

დისკრედიტაციისა და პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გამოიყენება Facebook ჯგუფებიც. ჯგუფები, მათში გაერთიანებული მომხმარებლების რაოდენობის გამო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის სწრაფად გავრცელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს და საინფორმაციო სივრცის დაცვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. 

ღიად დისკრედიტაციული Facebook ჯგუფები, ძირითადად, ორი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების და  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მოქმედებენ. 

მხარდამჭერ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ჯამში, ასეთი 58 საჯარო ჯგუფია აღმოჩენილი, რომელთაც 391,491 წევრი ჰყავთ. ქართულ ოცნებასთან კი აფილირებულია 33 ჯგუფი, სულ 369,172 წევრით. სტრატეგია აღმაშენებელს 15 მხარდამჭერი ჯგუფი აქვს, რომელთა წევრების რაოდენობაც 20,334-ის ტოლია.

კომენტარები