არჩევნები 2020

ბოკუჩავა ევროპელებზე: ვისურვებდი, "დაგმე მიშა" კამპანიით არ ძერწავდნენ  პოლიტიკურ იდენტობას

რუსთავი 2

"ვისურვებდი, ევროპული საქართველოს ტრიადა არ კავდებოდეს "დაგმე მიშას" კამპანიით და ამით არ ცდილობდეს საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოძერწვას". - ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ევროპული საქართველოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისინი მხარს არ დაუჭერენ მიხეილ სააკაშვილს პრემიერის პოსტზე. ამის შესახებ მან TV ფორმულას ეთერში ილაპარაკა. 

ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის უმთავრესი პოლიტიკური ამოცანა სააკაშვილის პოლიტიკურ სპექტრში არშემოშვებაა, ევროპული საქართველო კი ამ განცხადებით ივანიშვილის ამოცანას იზიარებს. 

"ვისურვებდი, ევროპული საქართველოს ტრიადა არ კავდებოდეს "დაგმე მიშას" კამპანიით და ამით არ ცდილობდეს საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოძერწვას, იმიტომ, რომ ამით ისინი ასხივებენ იმას, რომ იზიარებენ ბიძინა ივანიშვილის უმთავრეს პოლიტიკურ ამოცანას, რადგან მისი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის არშემოშვება პოლიტიკურ სპექტრში, იმიტომ, რომ მიშა არის მათი მთავარი ანტიპოდი, რადგან ის ასხივებს სინათლეს, ბიძინა ივანიშვილი ასხივებს სიბნელეს. სააკაშვილი არის ასოცირებული ქვეყნის წინსვლასთან და პროგრესთან, ივანიშვილი - რეგრესთან და სიღარიბესთან". - ამბობს ბოკუჩავა. 

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ პარტია იღებს ვალდებულებას, არ შევიდეს კოალიციაში ქართულ ოცნებასთან და არ დაუჭიროს მხარი მიხეილ სააკაშვილს პრემიერის პოსტზე. 

"არ დავუჭერთ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრემიერის თანამდებობაზე, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყანაში ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობის დრო დასრულდა და მომავალი ეკუთვნის კოალიციურ მმართველობას". - თქვა დავით ბაქრაძემ. 

მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მოძრაობა ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატია.

კომენტარები