არჩევნები ყირგიზეთში

ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ლიდერობს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის დათვლილია ხმების 98%-ზე მეტი. არსებული მონაცემებით, ლიდერობს პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის ერთობის პარტია ხმების 24,50%-ით, რაც 120 ადგილიან პარლამენტში, დაახლოებით, 46 ადგილს ნიშნავს. მეორე ადგილზეა პარტიების, Ata-Zhurt ("სამშობლო") და "ჩემი სამშობლო ყირგიზეთი" კოალიცია 23,88%-ით (45 ადგილი). მმართველ პარტიას, ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. შიდა განხეთქილების გამო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის მომხრეებით დაკომპლექტებული ერთობის პარტია და ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის მხარდამჭერებისგან შემდგარი "ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატები", თუმცა, მათ 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. მათ და კიდევ ორმა პარტიამ, რომელთაც ზღვრის გადალახვა ვერ შეძლეს, შედეგები გააპროტესტეს. მცირემასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა დედაქალაქ ბიშკეკის ცენტრალურ მოედანზე.

ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ 4-მა პარტიამ შეძლო. დარჩენილი ორი პარტია, რომლებმაც ხმების 8,76% და 7,13% მოიპოვეს არიან, "ყირგიზეთის პარტია" და "ერთიანი ყირგიზეთი".

პარლამენტში შესული პარტიებიდან ჟეენბეკოვის მთავრობის მიმართ მუდმივ ოპოზიციაში მხოლოდ პარტია "ერთიანი ყირგიზეთია", თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტია "ჩემი სამშობლო ყირგიზეთის" სათავეში ისკანდერ მატრაიმოვია. მიუხედავად იმისა, რომ მატრაიმოვის და ჟეენბეკოვის კლანებს შორის საჯარო დაპირისპირება არ არსებობს, შესაძლოა, მათ არჩევნების შედეგები გაასაჩივრონ. ასევე შესაძლებელია, რომ ორ ლიდერ პარტიას შორის სამთავრობო კოალიცია შედგეს. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნა არჩევნების პროცესის წარმართვის თაობაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები