არჩევნები 2020

ევროპელები GNCC-ის მოუწოდებენ, მაუწყებლებს მათი საარჩევნო კლიპის გაშვების ნება დართონ

კადრი ევროპული საქართველოს სარეკლამო რგოლიდან

ევროპული საქართველო კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მოუწოდებს, ნება დართოს ტელევიზიებს, რომ განათავსონ პარტიის საარჩევნო კლიპი, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქე, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მონაწილეობს. 

ამის შესახებ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ ისაუბრა. როგორც დეპუტატი ამბობს, კლიპი, რომელშიც ნეგატიურ კონტექსტშია ნახსენები მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ორ ტელეკომპანიას, მთავარ არხსა და იმედს საეთერო ბადეში არ ჩაუსვამთ. სერგი კაპანაძის განმარტებით, ტელევიზიები მიზეზად იმას ასახელებენ, რომ მარეგულირებელი კრძალავს ისეთი კლიპის განთავსებას, რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობს. 

"ეს კლიპი რამდენიმე ტელევიზიამ უკვე განათავსა ეთერში, თუმცა, ჯერ კიდევ არ განუთავსებია ორ ტელევიზიას, მთავარ არხსა და იმედს. ჩვენ ვიცით, რომ მიზეზი, რის გამოც მთავარმა არხმა არ განათავსა კლიპი, არის მარეგულირებელი კომისიის აქამდე არსებული პრაქტიკა და გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს ისეთი კლიპების განთავსებას, რომელშიც ფიგურირებს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ბუნებრივია, ეს არის განსაკუთრებული ვითარება, რადგან ბატონი სააკაშვილი არის ნომინირებული პრემიერმინისტრობის კანდიდატი. 

ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას, რომელსაც ასევე მიმართა ტელეკომპანია მთავარმა, რომ უმოკლეს ვადაში გააკეთოს საღი აზრის ფარგლებში ერთადერთი სწორი განმარტება და ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხზე შეიძლება არსებობდეს და დართოს ნება, რომ ეს კლიპი იყოს გაშვებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მათი მხრიდან სერიოზული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში და პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, რომელსაც სურს კონკრეტული გზავნილი მიიტანოს მოსახლეობამდე". – თქვა სერგი კაპანაძემ. 

რატომ და რა მიზეზით დაახარვეზა ევროპული საქართველოს კლიპი მთავარმა არხმა, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები