პოლარიზაცია საქართველოში

არის თუ არა საქართველო პოლარიზებული? — კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის სტატია

caucasusbarometer.org

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC Caucasus) ახალ სტატიას აქვეყნებს - "არის თუ არა საქართველო პოლარიზებული?" სტატიაში საუბარია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხზე.

სტატიის თანახმად, CRRC Caucasis-ის და ნაციონალ-დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) მონაცემებით ჩანს, რომ არსებობს რამდენიმე იდეოლოგიური თუ პოლიტიკური საკითხი, რომლებზეც ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ვერ თანხმდებიან.

"პოლარიზაციისთვის საჭიროა ორი პოლუსის არსებობა. საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში არის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია, რომელთაც საზოგადოებრივ გამოკითხვებში უჭერენ მხარს: ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, საზოგადოება ამ პარტიებს შორის პოლარიზებული ნაკლებადაა". - წერია სტატიაში.

CRRC Georgia-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, დაახლოებით, 20 სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხს შეეხო, მარიხუანის ლეგალიზაციიდან საბანკო რეგულაციებამდე. უმეტეს შემთხვევაში, შესამჩნევი სტატისტიკური განსხვავება ქვეყნის ორი მთავარი პარტიის, ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის არ ყოფილა. 

"ორივე პარტიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ეკონომიკაა. საგარეო პოლიტიკის კუთხითაც მათ დაახლოებით მსგავსი, პროდასავლური შეხედულებები აქვთ. მნიშვნელოვანი განსხვავებები არც იმ მოსაზრებებშია, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა. 

სოციალურ საკითხებზე და ღირებულებებზეც, ორი პარტიის მხარდაჭერებს, უმეტესად, ერთნაირი შეხედულებები აქვთ - ეწინააღმდეგებიან მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას და მარიხუანის ლეგალიზაციას. 

მონაცემები აჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები უფრო მეტად ემხრობიან უმცირესობების უფლებების დაცვას და ნაკლებად კონსერვატიულები არიან, ვიდრე ქართული ოცნების მხარდამჭერები, თუმცა, მიუხედავად ამ განსხვავებისა, ორივე პარტიის მხარდამჭერების უმეტესობას კითხვებზე კონსერვატიული პასუხები აქვს". - ნათქვამია სტატიაში.

მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, პარტიების მხარდამჭერებს განსხვავებული დამოკიდებებულებები აქვთ პოლიტიკური მოვლენების მიმართ.

სტატიის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილნი ვარდების რევოლუციის მიმართ. ქართული ოცნების მხარდამჭერები კი ფიქრობენ, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება ქვეყნისთვის სასიკეთო იყო. 

"საზოგადოება ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკური საკითხები იწვევს ქვეყნის დაყოფას. 2019 წლის კვლევის თანახმად, ხალხის აზრით, ყველა სხვა ინსტიტუტზე მეტად პოლტიკოსები იწვევენ საზოგადოების დანაწევრებას.

ყველაფრის გათვალისწინებით, პოლარიზაციის არსებობა მონაცემებით ვერ მტკიცდება. ქართულ პოლიტიკაში მთავარი როლს პერსონალიზაცია ასრულებს". - წერია სტატიაში.

კომენტარები