საქართველო-აზერბაიჯანი

Georgian Airways: აზერბაიჯანი არ არის "მწვანე ზონა", მუხთარლის საქართველოში ვერ ჩამოვიყვანდით

GeoAirwayss

ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი განმარტავს, რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის გერმანიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაზე.

მათი განმარტებით, აზერბაიჯანი არ შედის ე.წ. “მწვანე ზონის" ქვეყნების ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს.

"საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. “მწვანე ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას, მომსახურებოდა მას". - წერია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში დღეს, 9 ოქტომბერს უნდა ჩამოფრენილიყო. ის პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას აპირებდა. 

როგორც დღეს ჟურნალისტი Facebook-ზე წერს, მას გერმანიიდან გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბუთები არ აქვს წესრიგში.

"როგორც ჩანს, იციან, რომ ჩამოვდივარ და ცდილობენ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე". - დაწერა მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა, აფგან მუხთარლიმ, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას აკრიტიკებდა და ამის გამო მას ქვეყანაში დევნიდნენ, 2015 წელს ცოლთან ერთად საქართველოს შეაფარა თავი. ის 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 2017 წლის 29 მაისს იგი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული, თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

მუხთარლი ამბობდა, რომ რომ საქართველოდან ის კრიმინალურმა პოლიციამ გაიტაცა და ამის უფლება მათ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მისცა.

კომენტარები