აზერბაიჯანი: განჯაზე თავდასხმას 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავდა 33

Orla Guerin / Twitter

მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება.

აზერბაიჯანის მთავრობის მიხედვით, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ განჯაზე. დაიღუპა 7 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 33.

BBC-ს კორესპონდენტი საკუთარ ტვიტერზე განჯაში დაბომბვის შედეგად გამოწვეული ნგრევის ფოტოს ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ მინგეჩაურზე, თუმცა ელექტროსადგური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში სიტუაცია შედარებით დამშვიდდა, თუმცა ამჟამად აზერბაიჯანი კვლავ აგრძელებს სამხრეთის ფრონტზე თავდასხმას.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ შეთანხმება დროებითია. მან ასევე თქვა, რომ ის ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან შესაბამისი პირობები არ არსებობს.

კომენტარები