დავითგარეჯის საქმე

"აზერბაიჯანმა რუკის გამოყენება შეუძლებლად მიიჩნია" – სამინისტროს თანამშრომლის ჩვენება

ტაბულამ მოიპოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მალხაზ მიქელაძის ჩვენება, რომელიც მან დავითგარეჯის საქმის ფარგლებში 11 სექტემბერს მისცა. 

თავის ჩვენებაში მიქელაძე 2004-05 წლებში კომისიაში მუშაობის პროცესს იხსენებს, რა დროსაც ის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჩვენებაში მიქელაძე მიუთითებს, რომ კომისიის თავმჯდომარედ 2004 წლის 26 ნოემბერს დაინიშნა. მიქელაძის თქმით, კომისიის წევრები მისი თაოსნობით პერიოდულად ხვდებოდნენ იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, სალომე ზურაბიშვილს და აცნობდნენ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მიქელაძე ჩვენებაში, ასევე, იხსენებს სალომე ზურაბიშვილთან 2005 წელს გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას, რა დროსაც მინისტრმა მას პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბაქოში, ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შესახებ მოუყვა.

"2005 წლის ზაფხულში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც როგორც ვიცი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სააკაშვილმა ზურაბიშვილის უთხრა, რომ მან დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვრის საკითხი შეათანხმა, თუმცა რა პირობებით ჩემთვის უცნობია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მისაღები პირობებით".

მიქელაძის თქმით, ამის შემდეგ გაიმართა კომისიების შეხვედრა ბაქოში, რაზეც მან საზღვრის ყველა მონაკვეთზე, მათ შორის დავითგარეჯის მონასტრის საგნობრივი განხილვისთვის მზაობა გამოთქვა. როგორც მიქელაძე ჩვენებაში ამბობს, კომისიების თავმჯდომარეების დონაზე შეთანხმების მიუხედავად, ექსპერტებმა შეთანხმებას საზღვრის ვერცერთ მონაკვეთზე ვერ მიაღწიეს. 

მიქელაძის თქმით, ამის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საზღვრების მხოლოდ იმ 3 მონაკვეთზე, რომელიც წინა წლებში იყო შეთანხმებული. 

უნდა ითქვას, რომ უშუალოდ რუკების თემაზე საუბრისას მიქელაძის პოზიცია დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პოზიციის იდენტურია. მიქელაძე ამბობს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1996 წლის 13 ივნისს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ქართული მხარე 1938 წელს გამოცემული 1:500 000-იანი მასშტაბის რუკით ხელმძღვანელობდა. 

ამავდროულად, მიქელაძე, როგორც მელაშვილი და ილიჩოვა თავის ჩვენებებში მიუთითებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ქართული მხარეს ამ რუკის ორიგინალი არ გააჩნდა აქედან გამომდინარე, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარემ ივერი მელაშვილმა რუკის ამონახაზი გააკეთა დედანიდან, რომელიც სომხეთშიინახებოდა. სომხეთში ამ რუკასთან დაკავშირებულ ვიზიტს დეტალურად იხსენებს თავის ჩვენებაში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვაც. 

ამასთანავე მიქელაძე, მიუთითებს, რომ 1996 წლის შეთანხმების შესაბამისად კომისიის წევრები საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობდნენ სხვა რუკებითაც, კერძოდ კი 1942 წელს გამოშვებული 1: 100 000-იანი მასშტაბის უფრო ზუსტ რუკებს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა უფრო მსხვილმასშტაბიან რუკაზე საზღვრის ხაზის უფრო დიდი სიზუსტით გადატანა. მიქელაძის თქმით, სხვა დოკუმენტების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ კი ამ რუკების ხაზი დაემთხვეოდა 1996 წელს მხარეებს შორის შეთანხმებულ 1:500 000-იანი მასშტაბის რუკას. ამასვე ყვებიან თავის ჩვენებაში მელაშვილიც და ილიჩოვაც. 

ჩვენების მეორე ნაწილში, მიქელაძე დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიაში მის ხელმეორე დანიშვნის შემდგომ განვითარებულ პროცესებზე საუბრობს. მიქელაძის თქმით, კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ იგი 2017 წლის 22 ივნისს დანიშნეს. 

მიქელაძე იხსენებს 2019 წლის 23-24 მაისს ბაქოში გამართულ კომისიის შეხვედრას. მიქელაძის თქმით, შეხვედრაზე აზერბაიჯანული მხარის ექსპერტთა ჯგუფის უფროსმა აზატ ნაგიევმა პირდაპირ არ უარყო, 1996 წელს შეთანხმებული რუკის გამოყენება, თუმცა აღნიშნა, რომ აღქმადობისა და მასშტაბის გათვალისწინებით უკეთესი იქნებოდა 1991 წლის რუკების გამოყენება. 

როგორც მიქელაძის ჩვენებიდან ხდება ცნობილი ამ შეხვედრას ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი პოლკოვნიკი ნოდარ ხორბალაძეც, რომელიც დავითგარეჯის საქმეში ერთ-ერთი საკვანძო მოწმეა. მიქელაძის თქმით, ხორბალაძემ კომისიის თავმჯდომარის ლაშა დარსალიას დავალებით შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ "დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მხარეს ახალი პოზიცია ჰქონდა".

ამ ახალი პოზიციის მიხედვით ქართული მხარე დავითგარეჯის მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის დადგენისას ქართული მხარე 1932-1936 წლებში გამოცემული 1:200 000-იანი მასშტაბის რუკებით იხელმძღვანელებდა, - ეს სწორედ ის რუკაა, რომლის გამოუყენებლობასაც მელაშვილს და ილიჩოვას ედავებიან. 

მიქელაძის თქმით, ამ საკითხის შეხვედრაზე დაყენების უფლებამოსილება კომისიის თავმჯდომარემ, დარსალიამ პრემიერმინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო. მიქელაძის თქმით, ნოდარ ხორბალაძემ თავისი წინადადება იმით დაასაბუთა, რომ მისი აზრით მხარეებს 1996 წელს შეთანხმებული სახელმძღვანელო 1938 წელს გამოცემული რუკა, სწორედ მის მიერ წარმოდგენილი 1932-1936 წლებში გამოცემული 1:200 000-იანი რუკების საფუძველზე იყო შედგენილი. 

ამასთანავე, ხორბალაძემ მიუთითა, 1938 წელს გამოცემული რუკის ე.წ. ლეგენდაზე, რომლის თანახმადაც 1:500 000-იანი მასშტაბის რუკა სწორედ 1:200 000-იანი რუკის საფუძველზე შეიქმნა.  

რაც შეეხება საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის პოზიციას მიქელაძე ამბობს - "აღნიშნულის პასუხად აზატ ნაგიევმა [აზერბაიჯანელი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი] აღნიშნა, რომ იგი იცნობს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკებს, თუმცა მისი გამოყენება დელიმიტაციის პროცესში შეუძლებლად მიიჩნია თუ რატომ მას არ აუხსნია." 

ამგვარად, ჩვენებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანული მხარის შესახებ ამ ახალი რუკებისა და გარემოებების შესახებ ცნობილი უკვე 2019 წელს იყო და არა 2020 წლის აგვისტოს, როდესაც ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. აგვისტოში თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას ზალკალიანმა განაცხადა, რომ დელიმიტაციის პროცესში გამოიკვეთა ახალი გარემოებები და მოძიებულ იქნა ახალი დოკუმენტაცია, რომელიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.

როგორც მიქელაძის ჩვენებიდან ირკვევა, პროცესში აღმოჩენილი ახალი 1: 200 000-იანი მასშტაბის რუკა აზერბაიჯანულ მხარეს არა 2020 წლის აგვისტოში, არამედ 2019 წლის მაისში წარედგინა. მეტიც, აზერბაიჯანულმა მხარემ ამ რუკის გამოყენება შეუძლებლად უკვე გასული წელს მიიჩნია. 

თავის ჩვენებაში მიქელაძე, ასევე, ამბობს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ქართული მხარე ახალი პოზიციის დაფიქსირებას აპირებდა თუმცა, თავად ამას არ ეთანხმებოდა.

"ჩემთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს მხარე აპირებდა ასეთი პოზიციის დაფიქსირებას, რომელსაც მე არ ვეთანხმები, რადგან ამ შეხვედრაზე საქართველოს მხარე ოფიციალურად დონეზე ითხოვდა ზემოთხსენებულ მონაკვეთზე სამონასტრო კომპლექსის ძირითადი ნაწილის, მათ შორის ბერთუბნის მონასტრის საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში დაფიქსირებას, ხოლო ამ პოზიციით საზღვრის ხაზი აზერბაიჯანის მხარეს დაახლოებით მხოლოდ ქედის ქანობის შუა წელში გადის და მოთხოვნაში საქართველოს პოზიცია შერბილდა".

ამასთანავე, მიქელაძე ხორბალაძის საპირისპიროდ ამბობს, რომ "1:500 000-იანი მასშტაბის რუკის ლეგენდას არ აქვს უშუალო კავშირი ამ რუკით ვიზირებულ სახელმწიფო-ადმინისტრაციულ ხაზთან".

მალხაზ მიქელაძე ასევე იხსენებს ახალი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკების განხილვის საკითხს, იმდროინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან. მიქელაძის თქმით, 2018 წელს ჯანელიძემ ნოდარ ხორბალაძეს დაავალა 1:200 000-იანი რუკის საზღვრის ხაზების შეედარებინა 1938 წელს გამოცემული 1:500 000-იანი მასშტაბის სახელმძღვანელო რუკასთან. 

როგორც მიქელაძე ამბობს, რომ რუკებს შორის ცდომილებები გამოიკვეთა.

"მინისტრთან შემდგომ შეხვედრაზე ნოდარ ხორბალაძემ წარმოადგინა ამ ორი საზღვრის ხაზის შედარების ელექტრონული ვერსია და ნათლად წარმოჩინდა, რომ ეს ხაზები მთლიანობაში თანხვედრაში არ იყო, მართალია იყო მონაკვეთები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ, ასევე, საზღვრის ხაზებს შორის იყო ცდომილებები".

მიქელაძის ცნობით, ამის შემდეგ გადაწყდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯანელიძე პრემიერმინისტრთან განსახილველად არ წარადგენდა. 

კომენტარები