ყაჩაღობა ზუგდიდში

შსს: ყველა მძევალი თავისუფალია, გრძელდება ღონისძიებები დამნაშავის დაკავების მიზნით

შინაგან საქმეთა სამინისტოს ცნობით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმისას მძევლად აყვანილი ყველა პირი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს შეიარაღებული თავდამსხმელის დაკავების მიზნით ამ დრომდე გრძელდება.

"მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა, ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება". – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებისთვის დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებენ.

_______________________________________________________________________________________

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა ტერიტორია სამ მძევალთან ერთად რამდენიმე საათის წინ, პოლიციის მანქანით დატოვა. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი $500 000-სა და ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას ითხოვდა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი თავისუფალია და გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები.

21 ოქტომბერს, დაახლოებით, დღის 2 საათზე, ზუგდიდში შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. აყვანიდან ცოტა ხანში თავდამსხმელმა მათი ნაწილი გაათავისუფლა, ისინი შენობიდან ამწით გამოიყვანეს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. ისინი მედიას მოუწოდებენ, სპეცოპერაციის კადრები პირდაპირ ეთერში არ გადასცენ. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

კომენტარები