კორონავირუსი საქართველოში

ჯაფარიძე: ჩემს შვილს COVID-19 დაუდასტურდა, საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო

გირჩი

გირჩის ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯაფარიძე წერს, რომ საარჩევნო კამპანიას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

"კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე, (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა.

სამწუხაროდ ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ. 31-ში უნდა მოვიგოთ". - წერს ჯაფარიძე. 

22 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში, ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 22 803 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 401  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 178 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და მცხეთაში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები