პოლონეთი

პოლონეთის ქალაქებში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის გამო აქციები გაიმართა

REUTERS

23 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქებში აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლის გამო აქციები გაიმართა.

22 ოქტომბერს პოლონეთის სასამართლომ ფიზიკური ნაკლის მქონე ნაყოფის აბორტი არაკონსტიტუციურად ცნო. ცვლილების გასაპროტესტებლად ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. 

მომიტინგეები ვარშავაში, მმართველი პარტიის კანონისა და სამართლიანობის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლთანაც შეიკრიბნენ. პოლიციამ მათ გზა გადაუღობა და მიახლოების საშუალება არ მისცა. ისინი აქტივისტებს მოუწოდებდნენ, დაშლილიყვნენ და შეკრების შესახებ შეზღუდვები დაეცვათ. 

23 ოქტომბერს ახალი კორონავირუსის გამო მხოლოდ ათი ადამიანის შეკრება იყო დაშვებული, დღეს ეს რიცხვი ხუთამდე შეიზღუდა. 

პოლონური მედიის შეფასებით, ვარშავაში საპროტესტო აქციაში, დაახლოებით, 15 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. 

ათასობით ადამიანი გამოვიდა ასევე პოზნანში, ვროცლავსა და კრაკოვში. 

პარასკევის აქციამ მეტწილად მშვიდობიანად ჩაიარა, განსხვავებით 22 ოქტომბრის აქციისგან, როდესაც ზოგიერთმა მომიტინგემ ქვები ისროლა, პოლიციამ კი წიწაკის სპრეი გამოიყენა. 

22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ნაკლის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე ნაყოფის შემთხვევაში აბორტი არაკონსტიტუციურია. ამ გადაწყვეტილებით, ამგვარი მიზეზით აბორტი აიკრძალება და ლეგალური იქნება მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის ან დედის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

მმართველი პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება და უარყოფს ოპოზიციის ბრალდებას, რომ გადაწყვეტილებაზე მან მოახდინა გავლენა. 

BBC News აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით პოლონეთში ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება აბორტის ლეგალურად გაკეთება. სტატისტიკურად ქვეყანაში ჩატარებული აბორტების 98% ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ბოლო წლებში პოლონეთში სულ ათასამდე აბორტი გაკეთდა, თუმცა უფლებადამცველების ინფორმაციით ყოველწლიურად დაახლობით 80-120 ათასი ქალი აბორტის გასაკეთებლად საზღვარგარეთ მიდის.

ასეთივე კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წლის წინაც დარეგისტრირდა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ ავტორებმა კანონპროექტი გაიწვიეს.

პოლონეთში ექიმების დიდ ნაწილს ხელი აქვს მოწერილი ე.წ სინდისის კლაუზულაზე, რის გამოც, აბორტის გაკეთება კანონით დაშვებულ შემთხვევებშიც კი, თითქმის შეუძლებელია.

კომენტარები