ყაჩაღობა ზუგდიდში

შსს: ზუგდიდში ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა იდენტიფიცირებულია

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ უკვე დაადგინა ზუგდიდში საქართველოს ბანკზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირის ვინაობა და ის იდენტიფიცირებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს". – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც ყაჩაღთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო "კბილებამდე შეიარაღებული" - მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველეყოთ მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

აქედან რამდენიმე საათის შემდეგ, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

რა ვიცით სპეცოპერაციაზე – წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები