აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

Reuters

ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალაში 26 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 8:00-ზე შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლიდან მალევე, ორივე მხარემ ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხურმა სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ტერტერსა და მის გარშემო არსებულ სოფლებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალების პოზიციებს რეგიონის ჩრდილო აღმოსავლეთით. 

ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმების შესახებ აშშ-ს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთობლივი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი მხარს უჭერენ 10 ოქტომბერს მოსკოვში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციას.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა, ომი აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობს. წინა დაპირისპირებებისგან განსხვავებით, მიმდინარე კონფლიქტში, მხარეებს შორის განსაკუთრებით ხშირად იყენებენ დრონებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს.

მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

ცეცხლის შეწყვეტაზე მეორე შეთანხმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 17 ოქტომბერს, ბაქოს განცხადებით, განჯაზე სომხური სარაკეტო თავდასხმის შედეგად 13 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამავდროულად, ერევანმა ბაქო დაადანაშაულა მთიან ყარაბაღში დასახლებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, სტეფანაკერტზე საარტილერიო შეტევის განხორციელებაში - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანის შეტევის შედეგად დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი.

კომენტარები