ბელარუსი

ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო

26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. საყოველთაო გაფიცვის დაწყება ბელარუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ხელისუფლებამ "სახალხო ულტიმატუმი" არ შეასრულა.

გაფიცვას შეუერთდნენ სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის Гродно Азот-ის, მინსკის ტრაქტორების ქარხნის, მინსკის ელექტროტექნიკური ქარხნისა და ნავთობის კომპანიის Белоруснефти-ის თანამშრომლები. გაფიცულებმა დაწესებულებების ტერიტორიაზე მსვლელობები მოაწყვეს, ზოგიერთი თანამშრომელი უბრალოდ არ მივიდა სამსახურში. სახელმწიფო დაწესებულებებთან შენიშნეს სპეციალური დანიშნულების რაზმის მანქანები. ბევრ კომპანიაში ოფიციალურად ამბობენ, რომ მუშაობას აგრძელებენ.

გაფიცვას შეუერთდა სხვადასხვა კერძო კომპანიის თანამშრომელიც. ბევრმა კომპანიამ 26 ოქტომბერი დასვენების დღეს გამოაცხადა, ზოგიერთი კომპანია ტექნიკური მიზეზების გამო, მაგალითად, ინვენტარიზაციის გამო დაიხურა. მათ შორის არიან სამედიცინო ცენტრები, მაღაზიები, ბარები და კაფეები, ენების სკოლები, სავარჯიშო დარბაზები, ტურისტული კომპანიები, სილამაზის სალონები და სხვადასხვა სერვის-ცენტრები. გაფიცვაში მონაწილეობას იღებენ კავშირგაბმულობის კომპანიის MTC-ის თანამშრომლებიც, რომლებმაც საპროტესტო აქცია გამართეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათ სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

ბელარუსის უნივერსიტეტების სტუდენტებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ზოგიერთ უნივერსიტეტში მჯდომარე პროტესტის აქცია გაიმართა.

დილით, ქალაქ გროდნოში Гродно Азот-თან გაფიცული თანამშრომლების მიერ გამართული აქციის დროს 32-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებების გამო ქარხნის თანამშრომლების ნაწილმა სამსახურში გამოცხადებაზე უარი თქვა. 

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კერძო ბიზნესს, რელიგიურ ორგანიზაციებს, კულტურულ, სპორტულ ორგანიზაციებსა და IT-კომპანიებს მოუწოდა მონაწილეობა მიეღოთ გაფიცვაში.

"სახელმწიფო დაწესებულებების გაფიცვა ეს ეკონომიკური წნეხის ბერკეტია. ხოლო კერძო კომპანიების გაფიცვა - თითოეულისთვის თითოეულის სოლიდარობის გამოხატვაა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ადამიანებმა, რომლებმაც გაბედეს გაფიცვა, უნდა დაინახონ, რომ თავის გადაწყვეტილებაში ისინი მარტო არ არიან". – თქვა ტიხანოვსკაიამ.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ სამშაბათს, 13 ოქტომბერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ულტიმატუმი წაუყენა. ულტიმატუმის თანახმად, თუ 25 ოქტომბრამდე ალექსანდრ ლუკაშენკო არ გადადგება, არ შეწყდება დემონსტრანტებზე ძალადობა და არ გაათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს, 26 ოქტომბრიდან ქვეყანაში მასობრივი გაფიცვა დაიწყება. ტიხანოვსკაიას თქმით, ეს სახალხო ულტიმატუმია.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები