რუსეთი

რუსეთში როსპოტრებნადზორმა თითქმის ყველა საჯარო ადგილას პირბადის ტარება სავალდებულო გახადა

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (Роспотребнадзор) ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ, განაცხადა, რომ მასობრივ თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსებსა და ლიფტებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. 

"ყველა რუსეთში მცხოვრები ვალდებულია, უზრუნველყოს ჰიგიენური პირბადის გამოყენება, რათა დაიცვან რესპირატორული სისტემა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ტაქსებში, ავტოსადგომებსა და ლიფტებში". – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში

პოპოვამ დააკონკრეტა, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილები მოიცავს საზოგადოებრივ ადგილებს დასახლებებსა და ქალაქის რაიონებში, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებს დასახლებების გარეთ და საზოგადოებრივ ადგილებს შენობებში, სადაც გარკვეულ პირობებში 50-ზე მეტ ადამიანს შეუძლია შეკრება.

ცვლილება 28 ოქტომბერს ამოქმედდება.

რუსეთში, ასევე, რესტორნები და ბარები 23:00 საათიდან 06:00 საათამდე დაიკეტება. 

გასულ 24 საათში რუსეთში 16 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 320 პაციენტი. ჯამში დადასტურდა 1 547 774 შემთხვევა და გარდაიცვალა 26 589 ადამიანი.

კომენტარები