რუსეთი

კრემლი საფრანგეთში თავდასხმაზე: მკვლელობაც და მორწმუნეთა გრძნობის შეურაცხყოფაც მიუღებელია

interfax

კრემლში გამოეხმაურნენ საფრანგეთში ტერორისტის მიერ თავის მოკვეთის შემთხვევებს. კრემლში განაცხადეს, რომ ადამიანების მოკვლა მიუღებელია, თუმცა რელიგიური მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფაც მიუღებელია

"ორივე სრულიად მიუღებელია". - თქვა პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

პუტინის სპიკერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კრემლის აზრით, დასაშვებია თუ არა ღმერთის კარიკატურის დახატვა, რაზეც მან პასუხი არ გასცა. 

პესკოვის თქმით, კრემლი დარწმუნებულია, რომ ისეთი გამოცემა, როგორიცაა ფრანგული შარლი ებდო, რუსეთში ვერ გამოჩნდება. 

"რეალურად, ჩვენი ქვეყნის უნიკალურობა სწორედ მრავალეროვნულობასა და და მრავალკონფესიურობაშია. და ყველა კონფესია თანაარსებობს ერთანეთისადმი სრული პატივისცემით. ამრიგად, მსგავსი გამოცემის არსებობა ჩვენ ქვეყანაში აბსოლუტურად შეუძლებელია, მათ შორის ჩვენი ამჟამინდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით". - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 ოქტომბერს საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დანით შეიარაღებული თავდასხმის დროს ქალს თავი მოჰკვეთეს, მოკლეს სამი და დაჭრეს რამდენიმე ადამიანი.

ნიცის მერი, კრისტიან ესტროსი ტვიტერზე წერს, რომ დაპატიმრებულია ერთი ადამიანი. მან ასევე დაპოსტა, რომ ეს იყო ტერორისტული თავდასხმა. საქმეს საფრანგეთის ანტიტერორისტული დეპარტამენტი იძიებს.

"თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა. ის ცოცხალია და საავადმყოფოში გადაჰყავთ". - თქვა მან. მისივე თქმით, დაკავების შემდეგაც თავდამსხმელი იმეორებდა ფრაზას "ალაჰი უზენაესია".

თავდასხმიდან რამდენიმე საათიის შემდეგ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარე საფრანგეთის საკონსულოს დაცვის წევრი დაჭრეს.

16 ოქტომბერს პარიზში ისლამისტმა თავდამსხმელმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა, თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. მსხვერპლი ისტორიის მასწავლებელი იყო, რომელმაც საკლასო ოთახში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.

კომენტარები