არჩევნები 2020

ოცნება 45.8%, ენმ-ძალა ერთობაშია 26.4%, ევროპელები - 3.7% – Isfed-ის პარალელური დათვლის შედეგები

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ - 26.4%, ევროპულმა საქართველომ 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია. 

  • პატრიოტთა ალიანსი - 3.1%
  • ლელო - 3.1%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 3.0%
  • გირჩი - 2.8%
  • ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეები - 1.3%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.0%
  • ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - 0.9%

"სამართლიანი არჩევნები დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 96.1%-ისგან". – აცხადებს Isfed-ი და აღნიშნავს, რომ დანამდვილებით ვერ იტყვის, გადალახეს თუ არა ლეიბორისტულმა პარტიამ და ერთიანმა საქართველომ 1%-იანი ბარიერი.

"შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 0.9%-სა და 1.1%-ს შორის, ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია". – ნათქვამია ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნები არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. ორგანიზაციის მონიტორინგი ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას. PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.

"PVT გვაძლევს საშუალებას, დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მცირე ცდომილების ხარისხის ფარგლებში". – აღნიშნავს ორგანიზაცია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, ქართულ ოცნებას 48.12% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას - 26.94%, ევროპულ საქართველოს 3.79%, ლელოს - 3.19, პატრიოტთა ალიანსს - 3.18%, სტრატეგია აღმაშენებელს 3.15%, გირჩს - 2.95%, ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს 1.34%, ლეიბორისტულ პარტიას 1%, ნინო ბურჯანაძის ერთიან საქართველოს - 0.85%. ცესკომ ქვეყნის მასშტაბით უბნების 94.26% დათვალა. 

კომენტარები