არჩევნები 2020

ODIHR: კოორდინატორები და აქტივისტები ბევრ საარჩევნო უბანზე ქმნიდნენ დამაშინებელ გარემოს

ჯილიან სტირკი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) პრესკონფერენციაზე, ODIHR-ის შეზღუდული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიან სტირკმა, საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებები წარადგინა.

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა და უშუალოდ არჩევნების დღის გარდა შეაფასა წინასაარჩევნო გარემოც. ჯილიან სტირკის თანახმად, არჩევნების ტექნიკური ასპექტები სათანადოდ იყო ორგანიზებული. სტირკმა აღნიშნა, რომ არჩევნების ადმინისტრირებაში დომინირებდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არჩევნებისადმი მოსახლეობის ნდობაზე.

"ტექნიკური ასპექტები იყო ეფექტიანად ორგანიზებული. როგორც აღვნიშნეთ, ცესკომ დააკმაყოფილა სამართლებრივი ვადები, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო განხილული იმ ღია რეგულარულ სესიებზე, რომლებსაც ცესკო მართავდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლობა დომინირებდა არჩევნების ადმინისტრირებაში, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. ამას ჰქონდა უარყოფითი გავლენა საზოგადოების მხრიდან არჩევნების დამოუკიდებლობის აღქმაზე." - თქვა ჯილიან სტირკმა.

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია აქტიურად ხვდებოდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მისიის ხელმძღვანელი ასევე შეეხო ამომრჩევლების დაშინების შესახებ ბრალდებებს.

"ჩვენ მოვისმინეთ დიდი რაოდენობით ბრალდებები, კამპანიის დროს ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ. ჩვენს მიერ არჩევნების დღეს მონახულებულ საარჩევნო უბნების გარკვეულ რაოდენობაზე ჩვენ, ისევე, როგორც ჩვენმა საპარლამენტო პარტნიორებმა, შევამჩნიეთ კოორდინატორები და აქტივისტები, რომლებიც ბევრ საარჩევნო უბანზე ქმნიდნენ დამაშინებელ გარემოს. ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბრალდებები, პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის წაშლის შესახებ. [საარჩევნო] პროცესის ეს ელემენტები სამწუხაროა, ვინაიდან ისინი ძირს უთხრის კონკურენტულ არჩევნებს, რომლებიც ჩატარდა ისეთ ადგილას, სადაც სამოქალაქო საზოგადოებამ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, მთლიანობაში იყო დაცული."

ODIHR-ის მისია ასევე აკვირდებოდა საქართველოში მედიას, განსაკუთრებით სამაუწყებლო მედიას. მისიამ შეაფასა შვიდი სატელევიზიო არხის მუშაობა. მისიის შეფასებით მთლიანობაში მედიაგარემო საქართველოში არის პლურალისტური, მაგრამ პოლარიზებული.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები