არჩევნები 2020

PACE: არჩევნების დღესვე შედეგებში ეჭვის შეტანა არ არის განვითარებული დემოკრატიის ნიშანი

თინი კოქსი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) პრესკონფერენციაზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო პროცესი შეაფასეს. პრესკონფერენციის მეორე ნაწილში მისიების წარმომადგენლებმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.

ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტის, ბარბარე მაზმიშვილის კითხვაზე, რომელიც საარჩევნო პროცესში დარღვევებსა და წინასაარჩევნო მოსყიდვებს შეეხებოდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა თინი კოქსმა უპასუხა.

"არჩევნების დასრულებისთანავე არჩევნების შედეგში დაეჭვება, ჩემი აზრით, არ არის საუკეთესო გზავნილი განვითარებული დემოკრატიაში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, ჯერ ნახონ, რა არის ამ არჩევნების შედეგები, შემდეგ განიხილონ, შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული შესაძლებლობები ჩივილისთვის, შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე, რა არის ამ არჩევნების შედეგები, მაგრამ შედეგებში ეჭვის შეტანა იმავე დღეს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, არ არის განვითარებული დემოკრატიის ნიშანი. აქციისკენ მოწოდება არჩევნების დღეს, არჩევნების შემდეგ დღეს, ჩემი მოკრძალებული აზრით, არის ამომრჩევლის უპატივცემულობა. რომელიც უფრო აქტიური იყო, ვიდრე ოთხი წლის წინ". - თქვა კოქსმა.

კოქსმა პარტიებს, ურჩია, დაელოდონ საბოლოო შედეგებს და ამის შემდეგ იმოქმედონ.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები