არჩევნები 2020

ლიტვა არჩევნებზე: კონკურენტუნარიანი იყო, თუმცა გამოსაძიებელია დარღვევები

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ ახალი პარლამენტის არჩევაში, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში პასუხისმგებელი იქნება ქვეყნის მთავარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მივესალმებით საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმირებასა და არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას COVID-19 პანდემიის რთულ პირობებში. ამომრჩეველთა აქტივობა (56%) აჩვენებს, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის მომავალი აღელვებს.

საერთაშორისო დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და, ზოგადად, ფუნდამენტური თავისუფლებები, დემოკრატიული სტანდარტები დაცული იყო, თუმცა გარკვეული დარღვევები და ინციდენტები მოხდა, რომელთა გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ (რომელიც ჩატარდება 2020 წლის 21 ნოემბერს), ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ გაითვალისწინონ საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების მიერ გაკეთებული შენიშვნები და დარწმუნდნენ, რომ არჩევნების მეორე ტურის ორგანიზება და მომავალი შედეგები რაიმე ეჭვს არ გამოიწვევს.

ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნებს ვთვლით მნიშვნელოვან ნაბიჯად საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის. ახალმა საარჩევნო სისტემამ გაზარდა პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების ნდობა დემოკრატიული პროცესისადმი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო სისტემის შემდგომი გაუმჯობესება პოლიტიკურ აქტორთა ფართო სპექტრს საშუალებას მისცემს, წარმოდგენილი იყოს პარლამენტში.

ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ჩამოყალიბებული მმართველი უმრავლესობა დაუყოვნებლივ განახორციელებს შემდგომ რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზით. ლიტვა მზად არის, გააგრძელოს ახლო თანამშრომლობა საქართველოსთან, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას".

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები