აშშ-ს არჩევნები 2020

გამარჯვების გამოცხადებასთან ერთად ტრამპი ამბობს, რომ არჩევნებს იპარავენ და გაასაჩივრებს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა, ამავდროულად ამბობს, რომ არჩევნების მოპარვას ცდილობენ და ამას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

"ჩვენ ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის ვემზადებოდით. პირდაპირ რომ გითხრათ, ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები. ეს დიდი თაღლითობაა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვსურს, კანონი შესაფერისად იყოს გამოყენებული. ამიტომ, ჩვენ უზენაეს სასამართლოში წავალთ. ჩვენ გვსურს, რომ ხმის მიცემა შეწყდეს". – თქვა მან.

განცხადებაში ტრამპი გულისხმობდა ფოსტით ვადაზე ადრე მიცემულ ხმებს. აშშ-ს მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა, თუმცა ამ დრომდე კვლავ ითვლიან 3 ნოემბრამდე ფოსტის საშუალებით გაგზავნილ ხმებს. ტრამპის განცხადების მიხედვით, არსებული მონაცემებით, არჩევნებში ის იმარჯვებს და არ სურს, ეს მდგომარეობა მოგვიანებით დათვლილმა ხმებმა შეცვალოს. ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის სისტემას არჩევნებამდეც აქტიურად აკრიტიკებდა. სავარაუდოა, რომ ამგვარად მიცემული ხმები უმეტესწილად იმ ამომრჩევლებს ეკუთვნით, რომლებიც ხმას ჯო ბაიდენს უჭერენ და შესაბამისად, ამ დროისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან შტატში არსებული მონაცემები, შესაძლოა, ბაიდენის სასარგებლოდ შეიცვალოს.

ბოლო მონაცემებით, საარჩევნო კოლეგიაში წარმომადგენლების კუთხით, ჯო ბაიდენი ლიდერობს. უკვე მოგებული შტატებიდან მას 238 წარმომადგენელი ეყოლება, ტრამპს კი 213. გამარჯვების მოსაპოვებლად კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.

მერყევი შტატები, სადაც შედეგები ჯერ არ დათვლილა, რაც გამარჯვებულის ბედს გადაწყვეტს, არიან – არიზონა, ნევადა, ვისკონსინი, მიჩიგანი, პენსილვანია, ჩრდილოეთ კაროლინა და ჯორჯია, სადაც ამ დროისთვის შედეგები ასე გამოიყურება:

ნევადა (6 წარმომადგენელი) - დათვლილია ხმების 67% - ჯო ბაიდენი 49.2% (588 252 ხმა), დონალდ ტრამპი 48.6% (580 605 ხმა)

არიზონა (11 წარმომადგენელი) - დათვლილია ხმების 84% - ჯო ბაიდენი 51% (1 410 977 ხმა), დონალდ ტრამპი 47.6% (1 317 468 ხმა)

ვისკონსინი (10 წარმომადგენელი) - დათვლილია ხმების 95% - ჯო ბაიდენი 49.4% (1 585 171 ხმა), დონალდ ტრამპი 49.1% (1 577 999 ხმა)

მიჩიგანი (16 წარმომადგენელი) - დათვლილია ხმების 87% - დონალდ ტრამპი 49.9% (2 339 024 ხმა), ჯო ბაიდენი 48.5% (2 272 930 ხმა)

პენსილვანია (20 წარმომადგენელი) - დათვლილია ხმების 64% - დონალდ ტრამპი 55.7% (2 965 636 ხმა), ჯო ბაიდენი 43.1% (2 290 624 ხმა)

ჩრდილოეთ კაროლინა (15 წარმომადგენელი) - დათვლილია ხმების 94% - დონალდ ტრამპი 50.1% (2 732 104 ხმა), ჯო ბაიდენი 48.7% (2 655 392 ხმა)

ჯორჯია (16 წარმომადგენელი) - დათვლილია ხმების 94% - დონალდ ტრამპი 50.5% (2 380 946 ხმა), ჯო ბაიდენი 48.3% (2 278 123 ხმა)

"ჩემი ან დონალდ ტრამპის გადასაწყვეტი არაა ამ არჩევნებში გამარჯვებულის გამოცხადება. ეს ამომრჩევლების გადასაწყვეტია". - დაწერა ტრამპის პასუხად ბაიდენმა Twitter-ზე.

ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლებმა კი ტრამპის განცხადებას უპრეცედენტო და მცდარი უწოდეს. მათ თქვეს, რომ ტრამპი ცდილობს ამერიკის მოქალაქეებს დემოკრატიული უფლებები წაართვას.

ტრამპის განცხადება, მოგვიანებით, ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა განმარტა და თქვა, რომ ყველა კანონიერად მიცემული ხმა უნდა დაითვალოს.

განცხადების გაკეთებამდე ტრამპმა მსგავსი შინაარსის ტექსტი სოციალურ ქსელებშიც გამოაქვეყნა. მან დაწერა, რომ იმარჯვებს, თუმცა ცდილობენ, მას ეს გამარჯვება მოჰპარონ, რასაც ტვიტერმა შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გაფრთხილება გაუკეთა. Facebook-მა კი შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო, რომელშიც ნათქვამია, რომ გამარჯვებული ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

არჩევნების შედეგების განახლებადი მონაცემები შეგიძლიათ, ნახოთ აქ.

საარჩევნო კოლეგიის და ფოსტით ხმის მიცემის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

უზენაესი სასამართლოს და წინასაარჩევნოდ ახალი მოსამართლის დანიშვნის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები