მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით

0 კომენტარი

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. შეთანხმებით კმაყოფილია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამას ბრწყინვალე გამარჯვებასა და სომხეთის კაპიტულაციას უწოდებს.

რა წერია შეთანხმებაში:

შეთანხმების პირველი პუნქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში ცეცხლი შეწყვეტას მოიცავს. ის ძალაში მოსკოვის დროით, 00:00 საათზე უნდა შესულიყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, შუშან სტეპანიანმა გაავრცელა განცხადება, რომ ფრონტის ხაზზე საბრძოლო ოპერაციები შეჩერებულია. მანამდე სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტაზე სამ შეთანხმებას მიაღწიეს, ორს რუსეთის, ხოლო ერთს აშშ-ს შუამავლობით, თუმცა სამივე მალევე დაირღვა. 10 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო.

შეთანხმების მეორე პუნქტი აღდამის რეგიონის აზერბაიჯანული მხარისათვის დაბრუნებას მოიცავს, რისთვისაც სომხეთს ვადა 20 ნოემბრამდე ეძლევა.

ფოტო: ვიკიპედია

მესამე პუნქტი ყარაბაღის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას ეხება. მასში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღისა და ლაჩინის დერეფნის საკონტაქტო ხაზის გასწვრივ 1 960 მსუბუქად შეიარაღებული სამხედრო განლაგდება. ასევე განთავსდება 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ავტომობილი და სპეციალური აღჭურვილობა. ამ ტერიტორიაზე მათი განლაგება უკვე დაიწყო. პუტინის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ სამშვიდობოების განლაგების მიზანს ომის შეწყვეტისა და მშვიდობის შენარჩუნების გაკონტროლება წარმოადგენს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ რეგიონში რუსი სამშვიდობოების განლაგების საკითხს ჯერ კიდევ 10 ოქტომბრიდან განიხილავდნენ.

მეოთხე პუნქტში განსაზღვრულია რუსი სამშვიდობოების რეგიონში ყოფნის ვადები. შეთანხმების მიხედვით, რუსული კონტიგენტი ყარაბაღში 5 წლის განმავლობაში დარჩება. მათი იქ ყოფნა ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ 5 წლით, თუ ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე არცერთი მხარე არ გამოხატავს ამ პუნქტის მოქმედების შეწყვეტის სურვილს.

მეხუთე პუნქტის მიხედვით, ცეცხლის შეწყვეტის გასაკონტროლებლად სამშვიდობო ცენტრი განთავსდება. შეთანხმებაში არ არის დაკონკრეტებული სად განთავსდება ცენტრი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქი, სტეფანაკერტი იქნება.

მეექვსე პუნქტის მიხედვით, სომხეთმა მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქალბაჯარის რეგიონი, პირველ დეკემბრამდე კი ლაჩინის რეგიონი. დარჩება მხოლოდ 5 კილომეტრი სიგანის ლაჩინის დერეფანი, რომელიც მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დაკავშირებას უზრუნველყოფს. განისაზღვრება მომდევნო სამი წლის განმავლობაში ამ დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სტეფარაკერტსა და სომხეთს შორის კომუნიკაცია. აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს ლაჩინის დერეფნის გასწვრივ მოქალაქეთა, ტრანსპორტისა და საქონლის უსაფრთხო გადაადგილება ორივე მიმართულებით. მარშრუტის დასაცავად დერეფანში რუსი სამშვიდობოები განთავდსებიან.

ცისფრად აღნიშნულია ტერიტორია, რომელზე კონტროლი აზერბაიჯანმა 27 სექტემბრის შემდეგ დაამყარა, წითლად აღნიშნულია ტერიტორია, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს დეკემბრამდე უნდა გადასცეს, მწვანედ აღნიშნულია ტერიტორია, სადაც რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან.

ამავე პუნქტში ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანზე შეთანხმება გავლენას არ მოახდენს ქალაქ შუშაზე, რომლის აღებაც აზერბაიჯანმა უკანასკნელ დღეებში შეძლო. შუშა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქია და უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი აღების შემდეგ დადგა საფრთხე, რომ აზერბაიჯანი სტეფანაკერტსაც აიღებდა.

სომხეთმა რუსეთს აქამდე არაერთხელ მოუწოდა დახმარებისაკენ. 31 ოქტომბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წერილით მიმართა, რომელშიც ქვეყნებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებაზე დაყრდნობით სომხეთისათვის დახმარების აღმოჩენაზე დაუყოვნებლივ კონსულტაციების დაწყებას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა კონფლიქტში აქტიურად ჩარევა მხოლოდ ქალაქ შუშას დაცემის შემდეგ გადაწყვიტა. ქალაქის აღებას დაემთხვა აზერბაიჯანის მიერ რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება.

სამხედრო ვერტმფრენი 9 ნოემბერს ჩამოაგდეს. დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიხედვით, ვერტმფრენი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნახიჩევანის სექტორში გადაადგილდებოდა, რუსეთში კი განაცხადეს, რომ ის რუსული სამხედრო ძალების კოლონას მიყვებოდა, რომელიც სომხეთში რუსული ბაზისკენ მიემართებოდა. აზერბაიჯანმა რუსეთს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა.

შეთანხმების მეშვიდე პუნქტი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას ეხება, რაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის ზედამხედველობით უნდა მოხდეს, მერვე პუნქტი კი სამხედრო ტყვეების, სხვა დაკავებული პირებისა და გარდაცვლილთა ცხედრების გაცვლას შეეხება.

27 სექტემბერს დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა კვლავ უცნობია. რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა ჯამში 5 000-ს აღწევს. დაიღუპა ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

შეთანხმების ბოლო, მეცხრე პუნქტი რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვას შეეხება. მასში ნათქვამია, რომ სომხეთი უზრუნველყოფს აზერბაიჯანის კავშირს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. აზერბაიჯანს ნახიჩევანთან საზღვარი ამ დრომდე არ ჰქონდა. ამგვარად, ნახიჩევანის გავლით ისინი უკვე უშუალოდ მთავარ მოკავშირეს, თურქეთს დაუკავშირდებიან. შეთანხმებაში გაწერილია, რომ ამ დერეფანში ტრანსპორტს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დანაყოფი გააკონტროლებს.

როგორი იქნება მდგომარეობა 10 ნოემბრის შეთანხმების ძალაში სრულად შესვლის შემდეგ.
შეთანხმებაში ნახსენები არაა მთიანი ყარაბახის სტატუსი. ამაზე კრემლის სპიკერმა თქვა, რომ შეთანხმება გათვლილია იმაზე, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში იმუშაოს და სწორედ ამიტომ არ არის დაკონკრეტებული მთიანი ყარაბაღის სტატუსი.

პესკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმებაში თურქეთი არ არის ნახსენები.

"ამაზე ერთი სიტყვაც კი არ წერია განცხადების ტექსტში, რომელიც გამოქვეყნდა. ამაზე არ შეთანხმებულა სამი მხარე. ყარაბაღში თურქი სამხედროების ყოფნა შეთანხმებული არ ყოფილა". – თქვა მან.

პესკოვის კომენტარი პასუხი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებაზე. ალიევმა თქვა, რომ თურქეთი მონაწილეობას მიიღებს რეგიონში სამშვიდობო პროცესებში. რუსული და თურქული მედია წერდა, რომ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სერგეი ლავროვმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს. საუბრის დეტალები ამ დრომდე უცნობია. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ რუსეთი და თურქეთი ყარაბაღში ერთობლივი მონიტორინგის მისიის შექმნაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს, თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არც ოფიციალურ მოსკოვს და არც ანკარას არ გაუვრცელებია. რუსული მედია კი იუწყება, რომ რეგიონში თურქი სამშვიდობოების განთავსებაზე სატელეფონო საუბარი ალიევსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შედგა.

პარალელურად კი სომხეთში ვითარება დაძაბულია. ფაშინიანის განცხადებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. მომიტინგეები მთავრობის შენობაში და პარლამენტში შეიჭრნენ. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ფაშინიანმა კვლავ Facebook-ის მეშვეობით გაავრცელა განცხადება და მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდა. მან თქვა, რომ რჩება სომხეთში და პრემიერმინისტრის პოსტზე.

"ვთხოვ ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ჩემი სჯერა, მოემზადოს ბრძოლისთვის". – დაწერა მან.

"დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ გაბრაზებულ მომიტინგეს გულწრფელი განზრახვა ამოძრავებს. ისინი ბევრნი არიან. მათი ნაწილი დაცემული ჯარისკაცების ოჯახების წევრები არიან. მე მათ ქედს ვუხრი. დღეს მითხრეს, რომ [არეულობის წამომწყებთა შორის] იყვნენ ოლიგარქების ჯგუფები. ეს ის ხალხია, რომლებიც ჩვენს ჯარისკაცებს 20 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ, ჩვენი არმიიდან 20 წელი იპარავდნენ, 20 წელი გადასახადებს არ იხდიდნენ. დღეს ისინი "ღალატზე" საუბრობენ. რა ესაქმებათ მათ ერევანში? არ ესმოდათ არცახის პრეზიდენტის მოწოდებები დახმარების თხოვნაზე? რას აკეთებენ ერევანში კამუფლაჟიანი სამოსით? როგორც ჩანს, ახლა არის შესაფერისი დრო იმისათვის, რომ დაიცვან ის, რაც მიიტაცეს. იცით, რატომ შეძლეს ამბოხებულებმა სამთავრობო შენობებში შეჭრა? იმიტომ, რომ ყველა პოლიციელი ფრონტის ხაზს იცავს. ჩემი შვილი და ცოლიც ფრონტის წინა ხაზზე არიან. და მე ამით ვამაყობ". - თქვა მან ვიდეომიმართვაში.

უკანასკნელი ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე შეიარაღებული დაპირისპირება შეწყვეტილია, რუსეთიდან კი რეგიონისკენ სამხედრო ძალებით დატვირთული 22 თვითმფრინავი მიემართება. თურქეთს საკუთარი სამშვიდობო ძალების განთავსებაზე და რუსეთთან ამ კუთხით თანამშრომლობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ კიდევ არ გაუკეთებია. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა მხოლოდ ანკარას ამ დრომდე ცნობილი პოზიცია გაიმეორა, რომ აზერბაიჯანს ტერიტორიების დაბრუნების პროცესში მხარს დაუჭერენ. დასავლეთში შეთანხმებაზე განცხადება, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა, მათ შორის არც მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, საფრანგეთისა და აშშ-ს მიერ. საფრანგეთში განაცხადეს, რომ შეთანხმების პირობებს სწავლობენ. მანამდე კი კრემლში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეთანხმების მიღწევაში აშშ-სა და საფრანგეთს მონაწილეობა არ მიუღიათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები