ბენ ჰოჯესი

ჰოჯესი: მსურს საქართველოში აშშ-ს ინფრასტრუქტურის გაზრდა, განსაკუთრებით, როტაციული ძალების

ბენ ჰოჯესი
Stripes.com

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ ბენ ჰოჯესის თქმით, მას სურს იხილოს საქართველოში აშშ-ს ინფრასტრუქტურის გაზრდა, მათ შორის, როტაციული ძალების და სხვ.

ჰოჯესი Europetime-თან ინტერვიუს თავის Twitter-ის გვერდზე აზიარებს და წერს, რომ კრემლის მხრიდან საქართველო დიდ ზეწოლას განიცდის.

"ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას აშშ და ნატო აღიარებენ  პორტალად ევროპასა და ევრაზიას შორის". - წერს ის.

ინტერვიუში ჰოჯესი მთიანი ყარაბაღის შეთანხმებასა და მიმდინარე სიტუაციას აფასებს. მისი თქმით, მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობოები ოკუპანტებს ჰგვანან. 

"მოხარული ვარ, რომ ვხედავ საბრძოლო მოქმედებების და მკვლელობების დასრულებას, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოქალაქეების. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანმა, თურქეთის მხარდაჭერით, გადამეტების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება. იმედი მაქვს, რომ შეთანხმება გაგრძელდება და ორივე მხარე პატივს სცემს შეთანხმებას. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც შეეძლოთ კრემლის ნაცვლად მათი სამშვიდობო ძალებით უზრუნველყოფა. მე ჩავთვლიდი, რომ რუსული ძალები, რომლებიც დღეს იქ არიან განლაგებულნი, ოკუპანტებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სამშვიდობოებს… იმის მსგავსი რამ, რაც მათ აქვთ დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.სინამდვილეში ისინი არიან "დანაყოფის მცველები". - ამბობს ბენ ჰოჯესი.

კითხვაზე, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს რეგიონში და რა გავლენას მოახდენენ თურქეთი და რუსეთი კავკასიაში, ბენ ჰოჯესი პასუხობს, რომ თურქეთმა აჩვენა შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს თავის რეგიონზე, ასევე აჩვენოს ზოგიერთი მისი შესაძლებლობების მოდერნიზაციის მაღალი დონე და აზერბაიჯანული ძალების სწავლებისა და მათთვის კონსულტაციების გაწევის ხარისხი.

"მაგრამ ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუ რა იქნება გრძელვადიანი შედეგები რეგიონში თურქეთისთვის... ისინი, რა თქმა უნდა, პოზიტიურ ტენდენციას განიცდიან ამ ეტაპზე თურქული პერსპექტივიდან გამომდინარე. ალბათ, თურქეთი გამოიყენებს ამას რეგიონში პასუხისმგებლიანი, პოზიტიური მიდგომისთვის, რათა რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება გააუმჯობესოს... და მეტის გასაკეთებლად, რათა დაუპირისპირდეს კრემლის აგრესიას შავი ზღვის დანარჩენ რეგიონში". - თქვა ჰოჯესმა.

თუ რა ბედი ელის ახლა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან გზებსა და დერეფნებს, რას მოუტანს ეს საქართველოს, როგორც ტრანზიტული დერეფნის მქონე ქვეყანას, ჰოჯესი პასუხობს შემდეგს:

"ეს მთავარი სტრატეგიული კითხვაა, დაეხმარება თუ ხელს შეუშლის ახალი გარემოებები აზერბაიჯანი-საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარებას, რომელიც ევროპასა და ევრაზიას აკავშირებს. ერთადერთი ასეთი დერეფანი გაზის, ტელეკომუნიკაციისა და საჰაერო მიმოსვლისთვის, რომელიც არ გადის რუსეთითა და ირანით. ოკუპანტებად რუსეთის სახმელეთო ჯარების იქ ყოფნა ძალიან დამხმარედ არ უნდა გამოდგეს. სომხეთში რუსული ბაზების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა და ამიტომ საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, ისევე, როგორც აშშ-მ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. მე მსურს, ვიხილო აშშ-ს მიერ საქართველოში ინფრასტრუქტურის გაზრდა, განსაკუთრებით როტაციული ძალებისა და საჰაერო სივრცით სტრატეგიული [ძალების] გადასხმის მხარდაჭერა, ასევე საზღვაო [ძალების] ყოფნა... ეს არის დიდი ძალების შეჯიბრის ნაწილი... აჩვენებს, რომ ეს რეგიონი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ დიპლომატიაში, ინფორმაციაში და კერძო ეკონომიკურ ინვესტიციას, ასევე, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაში." - ამბობს ბენ ჰოჯესი.

კომენტარები