კორონავირუსი საქართველოში

თენგიზ ცერცვაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

"თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. 

ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით." - წერია განცხადებაში.

ცერცვაძის მეუღლე, ანა თოფურია მკურნალობას სახლში აგრძელებს - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. 

19 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 93 092 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 73 877 გამოჯანმრთელდა, 853 კი გარდაიცვალა. 

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები