აშშ

ჯო ბაიდენმა თავისი ადმინისტრაციის კანდიდატები წარადგინა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ფორმალურად წარადგინა თავისი ადმინისტრაციის კანდიდატები. დამტკიცების შემთხვევაში, ისინი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების წამყვან თანამდებობებს დაიკავებენ. 

ბევრი მათგანი ბაიდენის კოლეგა იყო ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ადმინისტრაციის დროს .

ჯო ბაიდენმა CIA-ს დირექტორის ყოფილი მოადგილე, ავრილ ჰეინსი, ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაასახელა. დამტკიცების შემთხვევაში, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს. 

არჩეულმა პრეზიდენტმა ალეხანდრო მაიორკასი საშინაო უსაფრთხოების მდივნის პოზიციაზე წარადგინა. დამტკიცების შემთხვევაში, ის პირველი ლათინოამერიკელი იქნება, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება. მაიორკასი ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს საშინაო უსაფრთხოების მდივნის მოადგილე იყო.

ბაიდენმა უკვე წარადგინა ანტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის წარმომადგენლად ყოფილი სახელმწიფო მდივანი - ჯონ კერი, გაეროში ელჩად - ლინდა ტომას-გრინფელდი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობაზე კი - ჯეიკ სალვინი.

ბლინკენის და საქართველოზე მისი განცხადებების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯენეტ იელენს სახაზინო მდივნის პოზიციაზე დანიშნავენ. 

თეთრი სახლის შტაბის უფროსად უკვე დაინიშნა რონ კლაინი, 2020 წლის კამპანიის დროს ბაიდენის მთავარი მრჩეველი, რომელიც 2009-2011 წლებში ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის შტაბის უფროსი, 1995-1999 წლებში კი კიდევ ერთი დემოკრატი ვიცეპრეზიდენტის, ალ გორის შტაბის უფროსი იყო. 

თითქმის ყველა წამყვანი თანამდებობა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

გადაბარების გუნდის განცხადებით, ნომინირებული პირები გამოცდილი ლიდერები არიან და ისინი ინსტიტუტების ხელახლა მშენებლობას დაუყოვნებლივ დაიწყებენ.

ჯო ბაიდენის თქმით, მისი გუნდი "ასახავს ფაქტს, რომ ამერიკა დაბრუნდა, მზადაა მსოფლიოს წინ გაუძღვეს და მისგან უკან არ დაიხიოს".

მან ხაზი გაუსვა ალიანსების ხელახლა მშენებლობის საჭიროებას.

აღსანიშნავია, რომ 23 ნოემბერს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უნდა დაიწყოს ფორმალური გადაბარების პროცესი, რათა არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქმიანობას შეუდგეს.

ტრამპმა ფედერალურ სააგენტოებს მოუწოდა, ამისათვის საჭირო ნაბიჯები გადადგან, თუმცა, ამავდროულად ამბობს, რომ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გააგრძელებს.

3 ნოემბერს აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით ჯო ბაიდენმა 5.9 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მან საარჩევნო კოლეგიაში ჯამში 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა - 232. კოლეგია დეკემბერში შეიკრიბება და ბაიდენს ოფიციალურად აირჩევენ აშშ-ს პრეზიდენტად. ის პოსტს იანვარში დაიკავებს.

კომენტარები