კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მსჯელობა არის დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობს.

"მე ჩემს რეკომენდაციებს ვსაუბრობ საკოორდინაციო საბჭოზე. მე გიდასტურებთ, რომ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდ ქალაქებში შეიზღუდოს". – თქვა გამყრელიძემ. 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. 

გუშინ, 24 ნოემბერს, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ შეზღუდვები მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული.

"შესაძლოა, იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, წერტილოვანი შეზღუდვა - კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით". - თქვა ცქიტიშვილმა.

25 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 114 889 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 95 581 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 085 კი გარდაიცვალა. სულ 18 197 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები