სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

ICC-ს მსხვერპლთა დახმარების მიზნობრივმა ფონდმა საქართველოს დახმარების პროგრამა დაამტკიცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მსხვერპლთა მიზნობრივი დახმარების ფონდი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მსხვერპლთა დახმარების მიზნობრივი ფონდის (TFV) დირექტორთა საბჭომ საქართველოსათვის დახმარების გამოყოფის პროგრამა დაამტკიცა.

პროგრამის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირებს ფსიქოლოგიურ, სამედიცინო და მატერიალურ დახმარებას გაუწევენ, რაც შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ჯანდაცვის სერვისის მიღებაში დახმარება, ტრენინგები და სხვა პროგრამები. პროგრამის დეტალები საქართველოს მთავრობასთან და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

პროგრამა, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ამოქმედდება და რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავებს. საწყის ეტაპზე გამოყოფილია 600 000 ევრო. პროგრამაში ჩართული იქნებიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

"ჩვენ სიტუაცია შევაფასეთ, გვქონდა განხილვა დირექტორთა საბჭოში და მათ დახმარების პროგრამის დაწყებას მხარი დაუჭირეს. პროგრამა შეიძლება მოიცავდეს სამედიცინო დახმარებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, სოციალური დახმარების გაწევასა და მატერიალურ დახმარებას. პროგრამის ბენეფიციარები 2008 წლის კონფლიქტისაგან დაზარალებულები იქნებიან, იძულებით გადაადგილებული პირები და ისინი, ვინც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ცხოვრობენ". – ამბობს უგანდაში, კენიასა და საქართველოში ფონდის პროგრამების მენეჯერი სკოტ ბარტელი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროგრამის განსახორციელებლად პარტნიორების გამოძებნა და ამ ტერიტორიაზე წვდომა ორგანიზაციისათვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

"ჩვენ ვცადეთ კომუნიკაციის დამყარება სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მეორე მხარეს და პერიოდულად აქვთ წვდომა ამ ტერიტორიაზე. ჩვენ ვცდილობთ, დავამყაროთ საკომუნიკაციო ხაზი და შევძელით გარკვეული ინფორმაციის მოპოვება იქ არსებულ სიტუაციაზე. სამომავლოდ გავაგრძელებთ დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და პარტნიორების ძებნას, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის საშუალება აქვთ". – თქვა მან.

ეს დახმარება არ მოიცავს რეპარაციებს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დასრულებისა და ბრალის წაყენების შემდეგ გაიცემა.

მსხვერპლთა მიზნობრივი დახმარების ფონდი სასამართლოსგან დამოუკიდებლად მუშაობს და მისი მისიაა, დაეხმაროს გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის, ომის დანაშაულებისა და აგრესიის მსხვერპლებს. ფონდი დაფინანსებას იღებს დონორი სახელმწიფოების და ასევე ინდივიდუალური დონორებისაგან. ამ დრომდე ისინი ძირითადად აფრიკის კონტინენტზე, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მუშაობდნენ.

კომენტარები