ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში 2019 წლის ანტისამთავრობო აქციების საქმეზე აქტივისტებს პატიმრობა მიუსაჯეს

ჯოშუა ვონგი, ივან ლამი, აგნეს ჩოუ.

2019 წლის აქციების საქმეზე ჰონგ-კონგში აქტივისტებს პატიმრობა მიუსაჯეს. 

დაპატიმრებულებს შორის არის ცნობილი აქტივისტი, ჯოშუა ვონგი - 2019 წლის ანტისამთავრობო აქციების დროს პოლიციის შენობასთან უკანონო შეკრების ორგანიზებისთვის მას 13 თვით თავისუფლება აღუკვეთეს. 

"მე ვიცი, მომავალი დღეები უფრო რთული იქნება. ჩვენ გავმაგრდებით". – განაცხადა ვონგმა.

2019 წლის აქციების დროს, ვონგთან ერთად, უკანონო პროტესტის წახალისებისა და მასში მონაწილეობისთვის 10 თვით დააპატიმრეს აქტივისტი, აგნეს ჩოუ და 7 თვით – ივან ლამი.

სამივე აქტივისტი აღიარებს დანაშაულს.

სასამართლოსთან აქტივისტების მხარდასაჭერად, დაახლოებით, 100 ადამიანი მივიდა. პარალელურად, პეკინის მომხრეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი მკაცრი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. 

ამერიკელი სენატორი, მარშა ბლექბერნი, ჩინეთს ბრალს სდებს ჰონგ-კონგის ავტონომიის განადგურებისთვის.

2016 წელს ჯოშუა ვონგმა, აგნეს ჩოუსთან და ნეთან ლოუსთან ერთად, დაარსა დემოკრატიული ჯგუფი - Demosisto. 30 ივნისს, როდესაც ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონები მიიღო, რამდენიმე საათში ჰონგ-კონგის აქტივისტთა პროდემოკრატიულმა ჯგუფმა, Demosisto-მ, დაშლა დააანონსა. 

ჯოშუა ვონგი ჰონგ-კონგში 2014 წლის ჰონგ-კონგის პროდემოკრატიული "ქოლგების" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაშინ, როდესაც ის 17 წლის იყო. მოძრაობაში აქტიურ მონაწილობას იღებდა ჩოუც. ისინი პოლიტიკური მოტივით არაერთხელ დააკავეს.

გასულ წელს ვონგს აშშ-ს მიერ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონის მიღებაზე აშშ-ის კონგრესში მოუსმინეს, ის ასევე შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირებს, რასაც პეკინის გაღიზიანება მოჰყვა. კომუნისტურ პარტიაში განაცხადეს, რომ ეს ჩინეთის შიდა საქმეებში ჩარევა იყო.

წარსულში აგნეს ჩოუს და ჯოშუა ვონგს ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს.

ჰონგ-კონგში ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები გასული წლის ივნისში დაიწყო, მაშინ ჰონგ-კონგის ქუჩებში, დაახლოებით, მილიონი მოქალაქე ჰონგ-კონგიდან კომუნისტურ კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ექსტრადიციის კანონპროექტი 5-თვიანი პროტესტის შემდეგ, რომელსაც პოლიცია ხშირად ძალადობრივად შლიდა, გაიწვიეს, მაგრამ აქციები გაგრძელდა. მოქალაქეები თავისუფალ არჩევნებს, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლებას, აქციებზე პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელ გამოძიებას, საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტას, ქალაქის ლიდერ კერი ლამის გადადგომას და ზოგადად, მეტ თავისუფლებასა და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

მას შემდეგ, ჰონგ-კონგისთვის ვითარება გაუარესდა. ჩინეთმა ჰონგ-კონგის უშიშროების ახალი კანონები 30 ივნისს მიიღო, რითაც ქალაქის ავტონომია ფაქტობრივად დასრულდა. ახალი კანონებით, სეცესიით მთავრობის დამხობის მცდელობა, ტერორიზმის ან საგარეო ძალებთან შეთქმულება, სულ მცირე, სამწლიანი, სერიოზულ შემთხვევებში კი – სამუდამო პატიმრობით დაისჯება. ცეცხლის წაკიდება და საზოგადოებივი ტრანსპორტის დაზიანება იმ განზრახვით, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა ან ჩინეთის კომუნისტური მთავრობა პოლიტიკური მიზეზებით დააშინო, კანონით ტერორიზმის აქტად ჩაითვლება.

კომენტარები