კორონავირუსი იტალიაში

იტალიაში COVID-19-ზე მოსახლეობის უფასო და ნებაყოფლობითი ვაქცინაცია იანვრიდან დაიწყება

იტალიაში მოსახლეობის COVID-19-ზე აცრის აქტიური კამპანია 2021 წლის იანვრიდან დაიწყება. იტალიის ხელისუფლებამ საგანგებო ჯგუფი შექმნა, რომელიც დაგეგმავს როდის, სად დაიწყება ვაქცინის პირველი დოზების მიწოდება მას შემდეგ, რაც მას ევროპელი მარეგულირებელი სამსახურები დაამტკიცებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, იტალიაში ვაქცინა უფასო იქნება, ხოლო აცრა ნებაყოფლობითი. 

მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, პირველ რიგში აიცრებიან ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები და მაღალი რისკჯგუფები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მომავალში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად და ვირუსის წინააღმდეგ ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა, მოსახლეობის 60-90%-ის ვაქცინაცია.

პირველი ქვეყანა, რომელშიც COVID-19-ის ვაქცინა დაამტკიცეს, დიდი ბრიტანეთია. Pfizer-ის შემუშავებული ვაქცინით მოსახლეობის აცრის პროცესი დიდ ბრიტანეთში მომავალი კვირიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება აშშ-ი რამდენიმე კვირაში დაიწყება.

პანდემიის დაწყების შემდეგ იტალიაში კორონავირუსის 1 620 901 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 56 361.

კომენტარები