ზურაბ ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან და მეგრელიშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის სხვა წევრებთან იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს. ინფორმაცია ტაბულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძემ ფეისბუქჯგუფში, "გირჩის ბაბლშიც" დაწერა:

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. 

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო". – წერს ჯაფარიძე. 

ტაბულა ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. უცნობია, პარტიის სხვა წევრები დატოვებენ გირჩს, თუ თავად ჯაფარიძე.

გუშინ, 3 დეკემბერს იაგო ხვიჩია კრიტიკას facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ქვეყნის ერთი შეხედვით ყველაზე გამოსულმა ლიბერალურმა საზოგადოებამ დაუმსახურებელი ტალახი ესროლა". ხვიჩია ასევე წერდა, რომ გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და  ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს ლანძღავს. 

იაგო ხვიჩიას მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა, ის შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". – წერდა გირჩის ერთ-ერთი ლიდერი.

კომენტარები